ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ მთავრობის ანგარიში მოისმინა

31/10/2022

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა. დოკუმენტი, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა წარადგინა. დოკუმენტი 8 ძირითადი თავისგან შედგება შშმ პირთა უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმების შესრულების კუთხით, სამინისტროების საქმიანობას აჯამებს და ეხმიანება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში გაწერილ ვალდებულებებს. ნიკო თათულაშვილის განცხადებით, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია შემდეგ ძირითად მიმართულებებზე: საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლასა და ცნობიერების ამაღლება; ჯანმრთელობის დაცვა; დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის და მისაწვდომობის უზრუნველყოფა; სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობა; დასაქმების ხელშეწყობა; სოციალური დაცვა; განათლების უფლების ხელმისაწვდომობა და შშმ პირების მონაწილეობა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა ღონისძიებებში.

„მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულება, სადაც აღსანიშნავია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შშმ პირთა დაცვის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საქმიანობები. სამინისტროს სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს სოციალური მომსახურებისა და სახელმწიფო პროგრამებზე შშმ პირთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. საანგარიშო პერიოდში სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებები სამოქმედო გეგმის შესაბამისად შესრულდა“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

მან ასევე უპასუხა კომიტეტის წევრების კითხვებს. კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0