დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2021 წლის წლიური ანგარიში კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ წარადგინა. დოკუმენტი კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და შედეგებს მოიცავს. მასში ასახულია 2021 წელს გაზისა და ელექტროენერგეტიკის, ასევე წყალმომარაგების სექტორებში განხორციელებული და მიმდინარე ძირითადი მოვლენები და ტენდენციები. მომხსენებელმა ისაუბრა მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებისა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესზე, რომლის ფარგლებშიც კომისიამ აქტიური ადმინისტრაციული ნორმათშემოქმედებითი საქმიანობა განახორციელა და შესაბამისი ცვლილებები შეიტანა ენერგეტიკულ სექტორში ურთიერთობების მარეგულირებელ არაერთ კანონქვემდებარე აქტში. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კომისიას, ISO-ს საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი მიენიჭა. მან ასევე ისაუბრა ახლად დანერგილ სერვისებზე, რამაც მომხმარებელს კომუნალურ კომპანიებთან ურთიერთობა გაუადვილა.
„წლის განმავლობაში კომისია აქტიურად მუშაობდა ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ნაწილში და ამ პერიოდში 20-მდე ახალი კანონქვემდებარე აქტი და რეგულაცია იქნა მიღებული, რომლითაც მომზადდა სამართლებრივი ბაზა ბაზრის გახსნისთვის ელექტროენერგიის სექტორში და პარალელურად დაიწყო მუშაობა გაზის სექტორში ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით ნორმატიული ბაზის მომზადებაზე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ანგარიშთან ერთად წარდგენილი იყო დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე. დოკუმენტი შედგება 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული ფინანსური ანგარიშების საფუძველზე და ასახავს სემეკის ფინანსურ მდგომარეობას და ფულადი სახსრების მოძრაობას აღნიშნული პერიოდისთვის. ანგარიშში ასევე ასახულია დამოუკიდებელი აუდიტორების მოსაზრებები და დასკვნები. კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთი წლის განმავლობაში კომისიაში განხორციელებული სამუშაოებისა და აუდიტის საფუძველზე დადგინდა, რომ კომისიის საქმიანობის ხარისხი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ ხარისხის მართვის მოთხოვნებთან.
კომიტეტმა დღეს ასევე მოისმინა საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“. დოკუმენტი, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა წარადგინა. მრჩეველმა რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულება, ჯანმრთელობის დაცვის უფლების განხორციელება, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისა და მისაწვდომობის უზრუნველყოფა, სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობა, დასაქმების ხელშეწყობის, სოციალური დაცვის, განათლების უფლების ხელმისაწვდომობა, ასევე, შშმ პირთა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფა. ანგარიშები დადებითად შეაფასა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა.