ქალაქ დუშეთში სახალხო დღესასწაული „დუშეთობა-მთაბარობა“ აღინიშნა. ქალაქის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 12:00 საათიდან 21:00 საათამდე მრავალფეროვანი ღონისძიებები მიმდინარეობდა. მათ შორის ადგილზე მოეწყო საბავშვო სივრცეები და ეთნოგრაფიული კუთხეები; ასევე, გაიმართა ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და ცეცხლოვანი შოუს ჩვენება, კონცერტები და სხვა აქტივობები. ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილეებთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
“დღევანდელი დღე მართლაც მნიშვნელოვანია ყველა დუშელისთვის. ამიტომ, მათ განსაკუთრებით ვულოცავ ამ სახალხო დღესასწაულს და ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობასა და კეთილდღეობას. დღეს ქალაქ დუშეთში ნამდვილად იგრძნობა საზეიმო განწყობა, რისთვისაც მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, როგორც მუნიციპალიტეტის მერს, ასევე, ღონისძიების ორგანიზატორებს, მონაწილეებს, დამსწრე საზოგადოებას.”- განაცხადა დავით ნოზაძემ.
ღონისძიება 21:00 საათზე ფოიერვერკით დასრულდა, მანამდე კი, დღის განმავლობაში “დუშეთობა-მთაბარობის” დღესასწაულს მუსიკალურად ადგილობრივი და მოწვეული ინდივიდუალური შემსრულებლები, ანსამბლები და ჯგუფები აფორმებდნენ. მათ შორის სტუმრების წინაშე წარდგნენ “დუშეთის ბენდი”, “გორელიშვილების საოჯახო ანსამბლი”, ანსამბლი “ქალილო”, ქართული ფოლკლორული ანსამბლი “ჩვენებურები” და ლელა ნაყეური, “ღამის შოუს ბენდი” გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით და ჯგუფი “რეგიონი”.