გამოწვევების მიუხედავად, საქართველო დღემდე ეფექტურად ახორციელებს პრაგმატულ და თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკას

20/10/2022

„გამოწვევების მიუხედავად, საქართველო დღემდე ეფექტურად ახორციელებს პრაგმატულ და თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკას, რომლის დახმარებით ქვეყანაში შენარჩუნებულია მშვიდობა, სტაბილურობა და მდგრადი განვითარების ტენდენცია. მსურს მადლობა გადაგიხადოთ წარმოდგენილი ანგარიშისთვის, სადაც კარგად გამოჩნდა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა და ყველა ის გეგმა და პრიორიტეტი, რომელიც მომავალშია დაგეგმილი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.

ნიკოლოზ სამხარაძემ გამოსვლაში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით არსებულ პრიორიტეტებზე, გამოწვევებზე და სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, წლევანდელი წელი განსაკუთრებულად მძიმეა დიპლომატიისთვის, ვინაიდან არსებული ვითარება განსაკუთრებით სახიფათოა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო.

„უკრაინაში მიმდინარე რუსულმა აგრესიამ თავდაყირა დააყენა მთელი საერთაშორისო სისტემა და გამოწვევების წინაშე დააყენა, როგორც საქართველო, ასევე, მთელი მსოფლიო. სამწუხაროდ, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ უკრაინაში რუსეთის მცირე წარმატების შემთხვევაშიც კი, შემდეგი სამიზნე რუსეთის ფედერაციისთვის შესაძლოა საქართველო გახდეს შემდეგი სამიზნე. სწორედ საქართველოა უკანასკნელი დემოკრატიული ქვეყანა პოსტ-საბჭოთა სივრცეში, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს, რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ არსებული გამოწვევების პარალელურად ოპოზიციის მოქმედებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები მოქმედებდნენ მხოლოდ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და ცდილობდნენ, საქართველოს მთავრობისთვის ამ რთულ ვითარებაში ხელის შეშლას.

„სამწუხაროდ, მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად საჭირო იყო საზოგადოების კონსოლიდაცია ეროვნული ინტერესების ირგვლივ, ჩვენ დავინახეთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, სხვადასხვა ჯგუფები, მათ შორის ვითომ პროდასავლური მანტიის ქვეშ შემოსილი ოპოზიციური პარტიები მოქმედებდნენ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და ცდილობდნენ, საქართველოს მთავრობისთვის ამ რთულ ვითარებაში ხელის შეშლას. ეს გამოიხატებოდა ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებითა და მოწოდებებით, ასევე, დესტრუქციული ქმედებებით, რაც ერთმნიშვნელოვნად რუსულ წისქვილზე ასხამდა წყალს. სამწუხაროდ, ეს პროცესი კვლავ გრძელდება. საბედნიეროდ, ქართული საზოგადოება კარგად ხედავს განსხვავებას შავსა და თეთრს შორის, შესაბამისად, აღნიშნული ჯგუფების და პარტიების გეგმებს არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ ხალხის მხრიდან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გამოსვლაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს საგარეო პოლიტიკას, რადგან ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელი იქნება გავუმკლავდეთ ყველა იმ გამოწვევას, რომელთა წინაშეც დგას დღეს საქართველო, ევროპა და მთლიანად ფართე შავი ზღვის რეგიონი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი რეგიონი განსაკუთრებული საფრთხეების წინაშე დგას. მიუხედავად ამდენი გამოწვევისა, როდესაც პატარა სახელმწიფოები იბრძვიან გადარჩენისთვის, ჩვენ მაინც ვახერხებთ, რომ გავაგრძელოთ ქვეყნის მდგრადი განვითარება, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ სვლა. ამაზე მეტყველებს არაერთი ფაქტი, მათ შორის ის, რომ საქართველოს ბოლო თვეების განმავლობაში გააჩნია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ის, რომ ქვეყანაში იზრდება ტურისტების რაოდენობა, ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს გავლით ენერგო რესურსების და საქონლის ტრანზიტი და ქართული პროდუქციის ექსპორტი საზღვარგარეთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

​კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო აქტიურად აგრძელებს მუშაობას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და ბოლომდე შესრულდება ყველა რეკომენდაცია, რაც პარლამენტთან არის დაკავშირებული.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. ზაფხულიდან მოყოლებული, პარლამენტში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დღემდე აქტიურად მუშაობენ ამ რეკომენდაციების შესასრულებლად. ამ შემთხვევაშიც, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი მოქმედებს თავისი ვიწრო პარტიული და არასახელმწიფოებრივი დღის წესრიგით და უარს აცხადებს ამ პროცესში მონაწილეობაზე. მიუხედავად ამისა, პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და თითქმის ბოლომდე შევასრულებთ ყველა რეკომენდაციას, რაც პარლამენტთან არის დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, რომ რადიკალური ოპოზიციის ნაწილი გააგრძელებს ბრიუსელთან აქტიურ კომუნიკაციას, იმისთვის, რომ მოახდინონ ქვეყნის დისკრედიტაცია და ხელი შეუშალონ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, თუმცა მჯერა, რომ ევროკავშირი ამჯერად მიიღებს სამართლიან და შედეგზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას და 2023 წელს მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება. ჩვენ დიდი ხანია თამამად და ღიად ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს წევრობისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას და სრულად თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან. საქართველოს ნატო-ს წევრობისგან აშორებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან. ჩვენი საპარლამენტო გუნდი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კოორდინაციით მუშაობს ნატო-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან, მათ შორის ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილები ჩვენი წევრობის მიმართ, რომ მოვახდინოთ მათი მხარდაჭერის მობილიზება და იმედი გვაქვს რომ ნატოს მომავალ სამიტზე ჩვენ ამ მხრივ ხელშესახები შედეგი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

​საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ასევე, ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს უკრაინაში, რომლებიც ლიმიტირებული რესურსების მიუხედავად, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ეროვნული ინტერესების გასატარებლად.

​„მინდა გთხოვოთ, კვლავ დაუღალავად და უწყვეტ რეჟიმში მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ და ერთობლივი ძალისხმევა მივმართოთ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებულ სწორ და თანმიმდევრულ კომუნიკაციაზე. ყველა დედაქალაქს უნდა ჰქონდეს სიღრმისეული ინფორმაცია ამ უმნიშვნელოვანეს პროცესთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად აღმოვფხვრათ არასწორი მესიჯებით გამოწვეული კითხვის ნიშნები. კვლავ გიდასტურებთ ჩვენი გუნდის და უშუალოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მხარდაჭერას თქვენს საქმიანობაში. ჩვენი კარი მუდამ ღიაა თქვენთვის. მზად ვართ ყველა ფორმატში თანამშრომლობისთვის, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად განვახორციელოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკა და ერთად მივაღწიოთ ჩვენს ამოცანებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0