შალვა პაპუაშვილი ავსტრალიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

13/10/2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, ავსტრალიის თანამეგობრობის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს მილტონ დიკს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ავსტრალიისადმი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და გაეროს გენერალურ ასამბლეასა და ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს რეზოლუციების მხარდაჭერისა და თანასპონსორობისთვის. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ავსტრალიის ორმხრივი ურთიერთობები. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2022 წლის 16 ივლისს შესრულდა საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი. შეხვედრა გაიმართა რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0