საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ოფისის ახალდანიშნულ დირექტორს ჯონ პენელს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიმართ გამოხატა მადლიერება საქართველოსთვის წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის. აგრეთვე, ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარის პრიორიტეტებზე და მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით. მხარეებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები. ჯონ პენელმა პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნო USAID-ის ახალი პროგრამის პრიორიტეტები და გამოხატა პარლამენტთან თანამშრომლობის მზაობა. შალვა პაპუაშვილმა ჯონ პენელს ახალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ოფისის ახალდანიშნულ დირექტორს შეხვდა
05/10/2022