რიკოთის საუღელტეხილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა წლის ბოლოს გაიხსნება

29/09/2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, რომელიც 4 მონაკვეთადაა დაყოფილი, ამ დროისათვის სამშენებლო სამუშაოები 51-ვე გვირაბზე მიმდინარეობს. მათ შორის, 34 გვირაბი უკვე გაჭრილია, საიდანაც 3 ექსპლუატაციაშია შესული. სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 90 ხიდზეც, საიდანაც 40 უკვე აშენებულია, ხოლო 6 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, 51.6 კმ-მდე სიგრძის, 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზა შენდება, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. მაგისტრალის პირველ, 2 კმ-იან ორზოლიან, ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2021 წლის სექტემბერში გაიხსნა. ახლად გახსნილი გზის მონაკვეთი მოიცავს 6 ხიდსა და 3 გვირაბს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე, ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით სრულდება. რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული გზის მშენებლობაში ერთგვარი გარდამტეხი პროექტი იქნება, ვინაიდან ამ პროექტის შედეგად, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება. რიკოთის მონაკვეთზე გადაადგილების სიჩქარე, რომელიც ამჟამად 60 კმ/სთ-ია, გაიზრდება და რიგ მონაკვეთებზე თითქმის გაორმაგდება. ამასთან, ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობაზე, ამჟამად დასაქმებულია 4000-ზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა დაახლოებით 68% საქართველოს მოქალაქეა.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სივრცე, სადაც ახლო სოფლების მოსახლეობა თავიანთი ნაწარმის რეალიზაციას გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში შეძლებს. კერძოდ, სავაჭრო მოედნები მოეწყობა შემდეგ ლოკაციებზე: სურამი, შროშა და ზესტაფონი. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა, ეტაპობრივად 2023 წლის ბოლომდე დასრულდება. გარკვეული მონაკვეთების ექსპლუატაციაში შესვლა უკვე მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0