ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული მისიის წევრებს შეხვდა

29/09/2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული მისიის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მსოფლიო ბანკთან ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც მიმართულია უცხოურ ენერგეტიკულ რესურსებზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებისა და დარგის მდგრადი განვითარებისკენ. ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებზე, მათ შორის, ახალი ჰიდროსადგურების მშენებლობის მნიშვნელობაზე, განახლებადი ენერგიის წყაროების, მათ შორის, ქარისა და მზის ენერგიის, უფრო მეტად ათვისებაზე. ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მაღალი შეფასება მისცა მსოფლიო ბანკთან პარტნიორულ ურთიერთობას და ხაზი გაუსვა იმ ძალისხმევას, რომლის შედეგადაც საქართველომ არაერთი გამოწვევების გამკლავება და მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების განხორციელება შეძლო. მისივე თქმით, მიმდინარე გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ენერგო უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0