თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე არსებული ვარძიის სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. ვარძიის სკვერში, რომლის ფართობიც 8 300 კვადრატული მეტრია, სპორტული და საბავშვო მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი პავილიონი, სარწყავი და გარე განათების სისტემები მოეწყო. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დამონტაჟდა შადრევანი. სკვერი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბერნის მერთან, ალეკ ფონ გრაფენრიდთან ერთად გახსნა.
„ვარძიის სკვერი სრულად რეაბილიტირდა და ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი გარემოა. პარკების განახლება, სკვერების მოწესრიგება, რეკრეაციული სივრცეების შექმნა დედაქალაქს ყველაზე მეტად სჭირდება. ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ ეს პროექტი განხორციელდებოდა. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, მოქალაქეებთან ერთად, დასრულებული სამუშაოები დაგვეთვალიერებინა. აღნიშნული სივრცის არსებობა აქ მცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა რაიონში, უბანში მივალთ და მსგავს პროექტებს განვახორციელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ვარძიის სკვერში შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით ბერნის მერმაც მიმართა და მოსახლეობას რეაბილიტირებული სკვერის გახსნა მიულოცა.
„დიდი მადლობა თბილისში მოწვევისთვის. ბერნიდან ჩამოვედი იმისთვის, რომ მენახა, თუ როგორ ცხოვრობენ თბილისში. ასევე, მენახა როგორი ენთუზიაზმითაა სავსე ხალხი, სკვერის გახსნაზე. ვულოცავ მერს და თბილისის მოსახლეობას ახალი სივრცის გახსნას. ეს არის ხალხებსა და ქალაქებს, ასევე, ქვეყნებს – საქართველოსა და შვეიცარიას შორის მეგობრობა“, – განაცხადა ბერნის მერმა.
რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება და გაიზარდა მწვანე საფარის მოცულობა. ასევე, დაირგო 585 ძირი მწვანე ნარგავი და 7 115 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი. სამუშაოების ღირებულებამ 1 100 000 ლარს შეადგინა. სკვერის გახსნის ღონისძიებაზე თბილისისა და ბერნის მერებთან ერთად, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში რევაზ სოხაძე იმყოფებოდნენ.