იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები. კანონპროექტის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცემათ გაგზავნონ და მიიღონ წერილები, ასევე განახორციელონ სატელეფონო საუბარი და ვიდეოპაემანი პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრ ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან.
„ოჯახის წევრების ერთდროულად პატიმრობაში ყოფნა ავტომატურად იწვევს იმას, რომ ისინი ერთმანეთთან კომუნიკაციას ვერ ამყარებენ, რაც სწორი არ რის. ჩვენ რაიმე ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს. მიგვაჩნია, რომ იმ დადგენილი წესებით, რა წესებითაც სხვა პატიმრები ამყარებენ კომუნიკაციას გარშემომყოფებთან, იგივე წესები დაშვებული უნდა იყოს იმ პატიმრებზეც, რომლებიც ოჯახის წევრები არიან“, – განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მხარდაჭერამდე უნდა მოხდეს რისკების მაქსიმალური გადაზღვევა.
„ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებული ვართ, რომ ორშაბათს კომიტეტის სხდომაზე ეს საკითხი დავაყენოთ კენჭისყრაზე, თუმცა მანამდე იუსტიციის სამინიტროს პოზიციასაც მოვისმენთ და ასევე, კონკრეტულ შემოთავაზებებსაც სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.