კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საიუბილეო ღონისძიება და ახალი სასწავლო წლის დაწყება გელათის სამონასტრო კომპლექსში აღინიშნა. ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნითა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიების ფარგლებში კადეტებმა წაიკითხეს კადეტის მრწამსი. ასევე, მცირე სცენაზე წარმოადგინეს ლიტერატურულ კომპოზიცია და მოეწყო კადეტთა ნახატებისა და გაზეთის პრეზენტაცია. დღესვე ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები და მასწავლებლები საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი უზრუნველყოფს სამხედრო მომზადებასა და ზოგადი განათლების მიღებას. ლიცეუმს უკვე ჰყავს კურსდამთავრებულთა 11 გამოშვება, რომელთა უმრავლესობა წარმატებით განაგრძობს სწავლას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ – ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და კანადის სამხედრო სასწავლებლებში.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი უზრუნველყოფს სამხედრო მომზადებასა და ზოგადი განათლების მიღებას
16/09/2022