ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იურიდიული დახმარების სამსახურის 2021 წლის საქმიანობის შესახებ იმსჯელეს. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, უფლებრივი ბალანსის უზრუნველყოფისათვის, სამსახური 2019 წლიდან აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს ცენტრებისაგან მოშორებულ რეგიონებში. 2021 წელი ამ მიმართებით გლობალური პანდემიის მიუხედავად იყო ერთ-ერთი წარმატებული.
„იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების მიწოდებასთან ერთად, სამსახურის აქტივობები მიმართული იყო საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისაკენ. ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად, 2021 წელს საფუძველი ჩაეყარა ფართომასშტაბიან მოძრაობას „ვაქციოთ კანონი ხელმისაწვდომი ყველასათვის“, დაინერგა ახალი სერვისები და გადაიდგა ნაბიჯები მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებისათვის”, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე. მისი თქმით, 2021 წელს, სამსახური მიერ დაწყებული პროექტები არის საკმაოდ ამბიციური. ამასთან, მათი განხორციელების სახელმწიფოებრივი, სოციალური და პიროვნული შედეგები იქნება ფასდაუდებელი ადამიანის უფლებების დაცვისა და ურთიერთობების სამართლებრივი ნორმატივებში მოსაქცევად. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ დადებითად შეაფასა სამსახურის საქმიანობა.
„მადლობას გიხდით იმ საინტერესო მიღწევებისთვის, რომელიც სამსახურს აქვს. თუკი დავაკვირდებით ბოლო წლების ტენდენციებს, რომელიც ამ სამსახურს აქვს, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მზარდი პოპულარობა და ხარისხობრივად გაუმჯობესება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.