პარლამენტის თავმჯდომარემ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა

14/09/2022

„არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობის კუთხით არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლიდა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის ამოქმედებას და აქედან გამომდინარე, ამ კანონს ხელი მოვაწერე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
​შალვა პაპუაშვილმა კანონზე მუშაობის პროცესსა და პრეზიდენტის ვეტოს შესახებ ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის მსგავსად, რომელსაც კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი შენიშვნები არ ჰქონდა, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამობა არც ვენეციის კომისიას არ დაუდგენია.

„როგორც იცით, პრეზიდენტმა ამ კანონთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 23 ივნისს გამოიყენა ვეტო, რომელსაც მან პოლიტიკური ვეტო უწოდა, რითიც ხაზი გაუსვა, რომ მას არ ჰქონდა ამ კანონის მიმართ სამართლებრივი შენიშვნები, თუმცა, მისი მიღება პოლიტიკურად მიზანშეუწონლად მიაჩნდა, ვინაიდან ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან ესმოდა კრიტიკა ამ კანონის განხილვის პროცესის ტემპის და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის შესახებ. ამის შემდეგ, პრეზიდენტმა მიმართა ვენეციის კომისიას, რათა მას მიეწოდებინა საკუთარი მოსაზრებები ამ კანონთან დაკავშირებით. 26 აგვისტოს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მისი მოსაზრებები ამ კანონთან დაკავშირებით. ისევე, როგორც პრეზიდენტის ვეტოში, ვენეციის კომისიამაც ვერ დაადგინა წინააღმდეგობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რომელიმე ევროპულ თუ საერთაშორისო სტანდარტთან. ამასთან, ვენეციის კომისიამაც, საქართველოში ცალკეულ აქტორებთან მის გასაუბრებაზე დაყრდნობით, გაიმეორა მოსაზრება კანონის მიღების ტემპთან და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობასთან დაკავშირებით. ეს არის ის აღქმა, რის ჩამოყალიბების მცდელობაც, სამწუხაროდ, ამ კანონის მიმართ იყო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

​შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ ინიციატორებს, 2022 წლის 13 აპრილს ინიცირებული პროექტის განხილვა დაჩქარებული წესით არ მოუთხოვიათ და შესაბამისად, კანონპროექტის განხილვა სტანდარტული წესით წარიმართა.

„უფრო მეტიც, პროექტის მიმართ, განსაკუთრებული ინტერესის და ჩვენი პარტნიორების თხოვნით, განხილვის პროცესი სამი კვირით გახანგრძლივდა. საბოლოოდ, პარლამენტმა კანონი ინიცირებიდან ორ თვეში, ხოლო ვეტოს დაძლევის გათვალისწინებით, ხუთ თვეში მიიღო, რაც ყველაფერია, გარდა სიჩქარისა. კანონპროექტის განხილვაში, როგორც თავდაპირველ პროცესში, ისე ვეტოს დაძლევის ეტაპზე ჩართული იყო ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყება, ყველა დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველა დაინტერესებული საერთაშორისო აქტორი. პროექტი განიხილებოდა არა მხოლოდ საკომიტეტო ფორმატში, არამედ სამუშაო შეხვედრებზეც. მათ შორის, ევროკავშირის ექსპერტებთან ონლაინ კონფერენციის რეჟიმში. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა და საკმარისი დრო, წარმოედგინა შინაარსობრივი შენიშვნები ამ პროექტის რომელიმე ევროპულ თუ საერთაშორისო უფლებრივ სტანდარტთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით. არ არსებობს დაინტერესებული ჯგუფი, რომელიც იტყვის, რომ მას ჰქონდა განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი და ამის შესაძლებლობა არ მიეცა, რაც ყველაფერია, გარდა არაინკლუზიურობისა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

​შალვა პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტის ინიცირებიდან ხუთი თვის თავზეც კი არ არის წარმოდგენილი რაიმე შინაარსობრივი შენიშვნა, რომელიც კანონის რომელიმე უფლებრივ სტანდარტთან შესაბამისობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა.

„პირიქით, ადგილობრივ დაინტერესებულ ჯგუფებთან თუ საერთაშორისო აქტორებთან მსჯელობის პროცესში დადასტურდა, რომ აღნიშნული კანონი სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ვეტოს განხილვის პროცესმაც დაადასტურა, რომ რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე რომელ უფლებრივ სტანდარტს არღვევს მოცემული კანონი, პასუხი არ არსებობდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

​მისივე თქმით, ერთადერთი მოსაზრება, რომელიც ისმის, კანონის მიღების მიზანშეწონილობას ეხება.

„საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი არის საკანონმდებლო ხელისუფლების განმახორციელებელი უმაღლესი ორგანო, რომელიც, ამავე დროს, განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებას. მათ შორის, ეს პოლიტიკის განსაზღვრის მიმართულება ეხება საგამოძიებო მოქმედების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის საკითხს. შესაბამისად, ამა თუ იმ კანონის მიღების მიზანშეწონილობის საკითხი სრულად წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას. პარლამენტმა, საბოლოო ჯამში, ხუთი თვე იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით და 6 სექტემბერს საბოლოოდ დაადასტურა მისი გადაწყვეტილება, მათ შორის, კანონის მიღების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ამიტომ, არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობის კუთხით რაიმე არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლიდა ამ კანონის ამოქმედებას და აქედან გამომდინარე, ამ კანონს ხელი მოვაწერე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0