თბილისის მუნიციპალიტეტი ახალი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას იწყებს

13/09/2022

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერით, ახალი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი თბილისის ქუჩებში „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის განვითარებას ითვალისწინებს. შესაბამის სასესხო და საგრანტო შეთანხმებები პროექტისთვის – „მდგრადი ურბანული მობილობა“, ფინანსთა სამინისტროში გაფორმდა და მას ხელი დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ მოაწერა. პროექტს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს. სისტემა მოიცავს მონაცემთა პლატფორმას, საგზაო სენსორებსა და ნაკადების მართვის ტექნოლოგიას, რომელიც რეალურ დროში საგზაო მოძრაობისა და პარკირების მართვის შესაძლებლობას იძლევა. პროექტი ასევე, გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საგანგებო სიტუაციების ეკიპაჟების გადაადგილების ხელშეწყობას. „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა გზებზე უსაფრთხოების გაზრდის, საცობების შემცირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ქუჩის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხმავლო სივრცეების, ველობილიკებისა და საავტობუსე დერეფნების მოწყობის გზით. პროექტის ფარგლებში, მოხდება როგორც თანამედროვე აღჭურვილობის, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა და დანერგვა. პროექტის ჯამური ღირებულება 47 მლნ ევროს შეადგენს და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საერთაშორისო კონსულტანტისა და დარგის ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0