ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, სადაც პარლამენტის წევრები ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიას გაეცნენ. პრეზენტაცია ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა წარადგინა. რიგით მეორე, 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია მთავრობის ადმინისტრაციაში მულტისექტორული თანამშრომლობით შემუშავდა და მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური გარანტიების განმტკიცებას. დოკუმენტში ასახულია როგორც საქართველოს ეროვნული საჭიროებები, ასევე, არსებული გამოწვევები ადამიანის უფლებათა კუთხით და წარმოდგენილია მათი საპასუხო სახელმწიფო ხედვა. სტრატეგიაში ადამიანის უფლებები და თავისუფლებები გაერთიანებულია ოთხი ძირითადი პრიორიტეტის ქვეშ: მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობის პრინციპების, ინსტიტუციური დემოკრატიის გამყარება და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა; ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის გაძლიერება და ამისთვის სისტემური გარანტიეაბის გაუმჯობესება; თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვა სახელმწიფო პოლიტიკაში და მათი დანერგვა პრაქტიკაში და ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობა დისკრიმინაციის გარეშე; რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. მიხეილ სარჯველაძემ შეაფასა დოკუმენტზე მუშაობის პროცესი, მადლობა გადაუხადა ჩართულ მხარეებს და გამოეხმაურა იმ ძირითად საკითხებს, რასაც ახალი ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს. მანვე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეს დოკუმენტი გამოეხმაურება მათ შორის ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში დასახულ არაერთ ამოცანას და ამ თვალსაზრისითაც იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. პარლამენტის წევრებმა დოკუმენტთან დაკავშირებულ, მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, მიიღეს პასუხები დასმულ შეკითხვებზე და დოკუმენტის სწრაფი დამტკიცების სურვილი გამოხატეს. ნიკო თათულაშვილის ინფორმაციით, დოკუმენტი გაზიარებულია ყველა დაინტერესებული მხარისთვის და საბოლოო სახეს უკუკავშირის ასახვის შემდეგ მიიღებს.
პარლამენტის წევრები ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული სტრატეგიის პროექტს გაეცნენ
30/08/2022