რთველის სუბსიდირება 2022 წელსაც გრძელდება

15/08/2022

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წელსაც მოხდება სუბსიდირება და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი იქნება მინიმუმ 90 თეთრი.
მინდა ჩვენს მოქალაქეებს შევახსენო, რომ ძალიან მალე დაიწყება რთველი. ზოგადად, მევენახეობა-მეღვინეობა ეს არის სტრატეგიული დარგი ჩვენი ქვეყნის და ჩვენმა ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან გამოაცხადა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სწორედ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სწორედ ჩვენი მხრიდან სწორი ნაბიჯების გადადგმამ, ეფექტური და ხელშესახები ნაბიჯების გადადგმამ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. შედარებისთვის, გახსოვთ ალბათ, რომ 2012 წლამდე, არა თუ წახალისება არ იყო საერთოდ მევენახეობა-მეღვინეობის, არამედ, პირდაპირ მთავრობა იყო უხეშად ჩარეული და ჩვენს მევენახეებს სთხოვდნენ ვენახების გაჩეხვას და მეორე – ყურძნის არ ჩაბარებას, იქამდე მიჰყავდათ მდგომარეობა, რომ პრაქტიკულად აზრს კარგავდა ყურძნის ჩაბარება, იმდენად გართულებული იყო ზოგადად პროცესი და სიტუაცია, პირდაპირ ზეწოლის ქვეშ იყვნენ მევენახეები, ამის არაერთი მაგალითი ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად. ასევე, შეგახსენებთ მაგალითისთვის, თუ რამდენიმე ათეული კომპანია იყო მევენახეობა-მეღვინეობაში, დაახლოებით 30 კომპანია, წელს არის მინიმუმ 300 კომპანიაზე მეტი და მათი წლიური შემოსავლები შეადგენს ასეულობით მილიონ დოლარს. რა თქმა უნდა, ამ დარგში ჩართული არის დაახლოებით 25 000-მდე მევენახე. ეს ნიშნავს მათი ოჯახების გაძლიერებას, მეტ შემოსავალს, მეტ კეთილდღეობას. ახლა, რაც შეეხება რთველს და წელს მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ, ბუნებრივია, ვიმსჯელეთ ამის თაობაზე, გვქონდა შეკრება და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელსაც, რა თქმა უნდა, მოვახდენთ სუბსიდირებას. 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი იქნება მინიმუმ 90 თეთრი, არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი და სახელმწიფო მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ჩვენს მევენახეებს. პროცესში ჩაერთვება 300-მდე ღვინის კომპანია. ჩვენ მათთან უკვე გვქონდა კარგი შეხვედრები, გვაქვს სრული კოორდინაცია, შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს და ჩვენ წელს ველოდებით რეკორდულ მოსავალს, დაახლოებით, 300 000 ტონა მოსავალს ველოდებით წელს. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. სწორედ ამ ყველა გამოწვევის და ყველა ამ ფაქტორების გათვალისწინებით, წელსაც, რა თქმა უნდა, გაგრძელდება სუბსიდირება. ჯამურად, მთავრობას სუბსიდირება დაუჯდება, დაახლოებით, 150 მლნ ლარი. ვინაიდან ეს არის სტრატეგიული დარგი და ჩვენი ქვეყანა არის მეღვინეობის აკვანი და მიჩნეულია, დადასტურებულია, რომ სწორედ ჩვენგან დაიწყო მეღვინეობა, სწორედ ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია სწორი ჩარევა და სწორი დახმარება ჩვენი მევენახეებისთვის. ასე რომ, ამის თაობაზე ბატონი ოთარი დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ჩვენს მევენახეებს, ჩვენს მოსახლეობას და უნდა იყოს მაქსიმალურად იდეალურად ჩატარებული წლევანდელი რთველი-2022″, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0