იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო 12-პუნქტიან გეგმას, რომლის ერთ-ერთ პუნქტში, ანტიკორუფციულ ღონისძიებებთან ერთად, გამოყოფილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირის ხუთშბათს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს როგორც ანტიკორუფციულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, ორივე სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაზე და ეს პროცესი იქნება სრულად გამჭვირვალე და ინკლუზიური.
„ორივე სამსახურის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ისინი აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სამუშაო ჯგუფის ფორმატში. მათ აქვთ კონკრეტული წინადადებები და ხედვა სამსახურების შემდგომ ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებით, მაგალითად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელისგან ჩვენ მოვისმინეთ, რომ ერთ-ერთი გამოწვევაა ჩვენი მოქალაქეებისთვის მათი მომსახურების რეგიონული დაფარვა და ამიტომ ამ მიმართულებით მათ აქვთ კონკრეტული იდეები. ასევე, საუბარია კონკრეტულ ცვლილებებზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში. რაც შეეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მათი ინტერესიც არის რეგიონული დაფარვის გაფართოება და ასევე, საუბარია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატის შესაძლო გაფართოებაზეც“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საჭიროებების იდენტიფიკაციაზე.
„მთავარია აქცენტი გაკეთებული გვქონდეს მაქსიმალურ ინკლუზიორობაზე და კარგია, რომ თვითონ ამ სამსახურებმა გამოხატეს მზადყოფნა იყვნენ ჩართული სამუშაო პროცესში. ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია არის ის, რომ თვითონ ამ სფეროებზე და მიმართულებებზე, რომლებიც შეიძლება მოიაზრებდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხის და ინსტიტუციური განვითარების შემდგომ გაუმჯობესებას, რასაკვირველია გვექნება საუბარი“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.