ჭიათურის 3 სოფლის – წინსოფელის, ჭილოვანისა და სკინდორის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყო და წლის ბოლოს სამივე სოფელი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველ მოადგილესთან გიორგი ბიწაძესთან, შპს „ჭიათურის წყალი“ – ს დირექტორთან როინ კუსიანთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ლაშა გოცაძესთან ერთად დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს მათთან ერთად გაეცნენ. წყალომომარაგების ახალი ქსელის პროექტი ითვალისწინებს 400 კუბიანი რეზერუარის მშენებლობას, მაგისტრალური ხაზების, გამანაწილებელი ქსელისა და სატუმბი სადგურის მშენებლობას. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 814 918 ლარია. დაფინანსება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ წინსოფელის, ჭილოვანისა და სკინდორის მოსახლეობა,რომელსაც წყალი დღემდე სხვადასხვა გრაფიკით მიეწოდება, 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს, რაც 600 მდე ოჯახს საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს.
ჭიათურის 3 სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო
29/07/2022