ტყიბულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 79 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

27/07/2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 79 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ძირითადი მიმართუელბა არის საგზაო ინფრასტრუქტურა, სპორტული მოედნების და სკვერების მოწყობა, სასმელი წყლის სისტემების, მრავალბინიანი კორპუსების ფასადებისა და ეზოების რეაბილიტაცია, ასევე ტურისტული ბილიკების მოწყობა. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

“იმერეთში უპრეცედენტოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, რომელთა ჯამი დაახლოებით 300 000 000 ლარამდე შეადგენს. ფაქტიურად მათი ნაწილი უკვე დასასრულს უახლოვდება და ჩვენი მოქალაქეებისთვის თვალსაჩინოა ის შედეგი, რასაც განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში ვიღებთ მუნიციპალიტეტებში. ჩვენი მთავრობის სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოგვცა ის, რომ იმერეთში შეგვიძლია დამატებით, კიდევ 32 000 000 ლარის პროექტები განვახორციელოთ“ – ზვიად შალამბერიძე.

„ტყიბულში 35-ზე მეტი შენობა სრულად იქნება განახლებული. განახლება, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს ენერგოდამზოგველი და შესაბამისად ჩვენი მოსახლეობისთვის ხარჯების დამზოგველი, მასალების გამოყენებას. ეს არის დათბუნება, იზოპროფილების კარ-ფანჯარა, საჭიროების შემთხვევაში – გადახურვა, საინჟინრო ქსელების მოწესრიგება,“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ტყიბულში მიმდინარე ურბანული განახლების სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქალაქ ტყიბულის კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების ურბანული განახლება დასრულების ეტაპზეა. რეაბილიტაცია უტარდება ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე მრავალსართულიან შენობებს. სამუშაოები მოიცავს შენობების არსებული კარ-ფანჯრის იზოპროფილის ვიტრაჟებით შეცვლას, შენობის ფასადზე თბოსაიზოლაციო კომპონენტების გაძლიერებას, მიმდებარე საფეხმავლო ზოლის მოწესრიგებას, მიმდებარე სკვერების კეთილმოწყობასა და ბავშვთა გასართობი სივრცეების განახლებას. ტყიბულის მუნიციპალიტეტში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიმდინარეობს. მათ შორისაა, სოფელ ხრესილის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, სკოლა თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნების დაცვით განახლდება და 350 მოსწავლის მომსახურებას შეძლებს. ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამით“ კი, ქალაქში რეკრიაციული ზონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კერძოდ, ისტორიულ-ურბანულ ტერიტორიაზე ეკონომიკური და ტურისტული მიზიდულობის არეალის განვითარების მხარდასაჭერად, გელათის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილისა და არსებული შენობების რევიტალიზაცია ხორციელდება. აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება და მისი ღირებულება 2 607 444 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0