მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსით, საქართველომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ესტონეთის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა.
“რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა განახლებული მმართველობის კეთილსინდისიერების ინდექსები. ეს არის მსოფლიო ინდექსები, რომლებიც შემუშავებულია მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის, შეიძლება ითქვას, ნომერ პირველი ანალიტიკური ცენტრის The Heritage Foundation- ის გამოკვლევით. საქართველო, მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით, მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა. მეორე, ეს არის ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის, სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსი, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ესტონეთის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა. მე მინდა ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი. მინდა ასევე გითხრათ, რომ შედარებისთვის, წელს უკვე აღნიშნული ინდექსის მიხედვით, მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით ნატოს წევრ 14 და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ. რამდენიმე ქვეყანა შემიძლია ჩამოვთვალო, ესენია: კვიპროსი, ლატვია, პოლონეთი, ჩეხეთი, იტალია, მალტა, სლოვაკეთი, საბერძნეთი, ხორვატია, მონტენეგრო, ბულგარეთი, რუმინეთი და ა.შ., აღარ გავაგრძელებ. შედარებისთვის, მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს, მაშინ, როცა მთელ მსოფლიოს ეუბნებოდნენ და ჩვენს ხალხს ეუბნებოდნენ, თითქოს ნომერ პირველი სახელმწიფო ვიყავით რეფორმებითა და შესრულების მხრივ ინდიკატორებით, 69-ე ადგილზე ვიყავით, აი, ამ ინდექსის მიხედვით. არავითარ საუკეთესო ოცეულზე საუბარი არ იყო მაშინ. ეს უბრალოდ შედარებისთვის და ინფორმაციისთვის, კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას „-, განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი წარმატებაა გლობალური მშვიდობის 2022 წლის ინდექსი, რომლის მიხედვითაც, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
“მეორე მნიშვნელოვანი წარმატება და გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი და ჩვენი მთავრობის ათწლიანი პოლიტიკის აღიარება, – გლობალური მშვიდობის 2022, ანუ წლევანდელი ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ინდექსის სრული ისტორიული გაუმჯობესებით კი, მსოფლიოში პირველ ადგილზე დასახელდა. ესეც სერიოზული აღიარებაა. ამ კვლევაში 163 ქვეყანა მონაწილეობდა და მეორე ადგილზე დასახელება ჩვენი ქვეყნის, არის მართლაც აღიარება იმ სწორი, გონივრული და ეროვნული პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი მთავრობა უკვე ათი წელია ატარებს ჩვენი ხალხისა და მათი ინტერესების დასაცავად. შედარებისთვის აქაც მინდა გავიხსენო, რომ 2012 წელს ამ რეიტინგებში ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, საუბედუროდ, იყო უკანასკნელ ოცეულში, ანუ 163 ქვეყანას შორის 140-ე ადგილზე. ამხელა პროგრესი გვაქვს, სწორედ ისევ და ისევ ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი გუნდის, მის მიერ დატოვებული „ქართული ოცნების” სწორი პოლიტიკის შედეგია ეს ყველაფერი,” – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე, რომ ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა.
“მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, – განახლება მოხდა და ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა. მაშინ, როდესაც ჩვენი ასოცირებული ტრიოს წევრები ახლა იწყებენ მუშაობას საჯარო ფინანსების რეფორმაზე და ა.შ. ამის გაუმჯობესებაზე, ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით. პირველ ადგილზე გავიდა საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ. ეს არის შედეგი ჩვენი მთავრობის მუშაობის.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ მსოფლიო საერთაშორისო სავალუტო ფონმა რამდენიმე ხნის წინ გამოაქვეყნა საკუთარი წინასწარი შეფასება და პროგნოზები. აქაც, 190 ქვეყანას შორის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ამერიკული დოლარით გამოხატული, ზრდის ტემპის მიხედვით, მსოფლიოში მე-3 ადგილზე დასახელდა ჩვენი ქვეყანა, ხოლო ევრაზიის კონტინენტზე, პირველ ადგილზე არის დასახელებული საქართველოს პოზიცია. აქვე, მინდა ვთქვა, რომ “ჯიდიპი პერ კაპიტა” და ე.წ. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მომდევნო 6 წლის განმავლობაში გაორმაგდება და დაახლოებით, მათი შეფასებით, 9 000 დოლარს გადასცდება 2027 წლისთვის. ეს ყველაფერი ძალიან დიდი მუშაობის შედეგია ჩვენი მთავრობის, მთლიანი ჩვენი გუნდის, მმართველი პარტიის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურის თქმით, იმ ფონზე, როცა ევროპაში და მთელ მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, საქართველო ინარჩუნებს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.
„მე ახლახან ვიყავი ავსტრიაში, ჩემს კოლეგასთან საუბრისას კიდევ ერთხელ განვიხილეთ ევროპაში არსებული ვითარება და მსოფლიოში მიმდინარე დინამიკა, თუ რა პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოში. უკრაინის ომის ფონზე ევროპაში შეიქმნა ძალიან რთული ვითარება. ინფლაცია, მაღალი ფასები, მომარაგებაში, ლოგისტიკაში შექმნილი პრობლემები, ასევე ნაკლებად განვითარებული, ასევე ღარიბი ქვეყნების საკვები პროდუქტებით მომარაგების კუთხითაც უკვე სერიოზული პრობლემები შეინიშნება და ექსპერტები და მსოფლიო ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიო შეიძლება იყოს შიმშილობის რისკის ზღვარზე, განსაკუთრებით, ღარიბი ქვეყნები. ამ ფონზე, როცა ევროპაში და მთელ მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობას, სტაბილურობას, და ეს ყველაფერი, რაც მე ახლა ჩამოვთვალე, არის სწორედ ჩვენი გუნდის დამსახურება. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ ამით არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი, გაორმაგებული, გაათმაგებული ტემპით, ენერგიით და პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და მოტივაცია,” – განაცხადა პრემიერმა.