საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა. შალვა პაპუაშვილმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმისა და თავდადების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უცხოელი კოლეგების შეფასებით, საქართველოს საჯარო მოხელეების მიერ შევსებული კითხვარი მაღალი პროფესიონალიზმით იყო შესრულებული.
„ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი ქვეყნის განვითარების გარკვეულ ეტაპზე და ამ ეტაპზე პარლამენტს და მის თანამშრომლებს წილად ხვდათ, რომ იყვნენ მონაწილე პროცესისა, თან განსაკუთრებულ გარემოებებში, მაშინ, როდესაც ექსტრაორდინალურ ვითარებაში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება ჩვენც და ევროკავშირსაც. დაჩქარებულია ბევრი პროცესი, ბიუროკრატიული პროცესები და აქაც მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ სწორედ ამ მომენტში, ქართულმა ბიუროკრატიამ, ამ სიტყვის ყველაზე საუკეთესო გაგებით, გამოაჩინა თუ რა შესაძლებლობები აქვს მას იმისთვის, რომ მოახდინოს ასეთი მნიშვნელოვანი ამოცანის ადმინისტრირება და შესრულება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, საქართველოს შემჭიდროებულ ვადებში მოუწია კითხვარის შევსება და ამის მიუხედავად, პარლამენტის აპარატისა და სხვა საჯარო უწყებების თანამშრომელთა დაუღალავი შრომის შედეგად, მომზადდა ცხრატომიანი მაღალი ხარისხის ნაშრომი, რომელიც 3600 გვერდს მოიცავს.
„საქართველოს მოუწია დაახლოებით იმავე მოცულობის კითხვარის შევსება, რომელიც სხვა კანდიდატებს ადრე უწევდათ და ამავე დროს, ჰქონდა ყველაზე მოკლე ვადა, რაც კი შეიძლებოდა მანამდე ჰქონოდათ კანდიდატ ქვეყნებს – სულ 4 კვირა იყო ამისთვის გამოყოფილი. ოთხი კვირა გაგრძელდა თქვენი და თქვენი კოლეგების დაუღალავი შრომა, რომლებმაც დღე და ღამე გაასწორეს იმისთვის, რომ ყოფილიყო ერთი მხრივ, სრულად შევსებული და იყო დიდი პასუხისმგებლობაც, რომ სისრულის და ხარისხის კუთხით ყოფილიყო უმაღლეს დონეზე. გახსოვთ პოლიტიკური პერიპეტიები კითხვარის გარშემო, რამდენად შეძლებდნენ ჩვენი საჯარო მოხელეები, რომ სათანადო გულმოდგინებით ყოფილიყო შევსებული. საბოლოო ჯამში, დღეს უკვე შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, იმ რეაქციებით, რომელიც ჩვენ პირადად ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან გვაქვს, რომლებიც ამ კითხვარს გაეცნენ, რომ ეს იყო უმაღლესი პროფესიონალიზმით შესრულებული ნაშრომი და მეორე – ის, რომ დღეს აღარ არსებობს კითხვები ამ კითხვართან და მის შინაარსთან დაკავშირებით. ესეც ადასტურებს, თუ რამხელა პროფესიონალიზმით იყო ეს კითხვარი შევსებული. ამიტომ, მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის აპარატის იმ თანამშრომლებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ამ საქმეში. აქ მთავარია არა მოცულობა, არამედ შინაარსი, რომელიც შეიძინა ამ დოკუმენტმა და თქვენი დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა ამ საქმის მიმართ. თქვენი სახით მინდა მთლიანად საჯარო სექტორს გადავუხადო მადლობა, იმ ასობით საჯარო მოხელეს, რომელიც მუშაობდა კითხვარზე პასუხების მომზადების პროცესზე და მათი დამსახურებაც არის, რომ ეს ნაბიჯი და ეს ნაწილი ჩვენი საქმიანობისა ასეთ მაღალ დონეზე შესრულდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ სამუშაოზეც, რომელიც უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეასრულა.
„სრულად იქნა აღიარებული საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რომელიც არის არა მხოლოდ სიტყვა, არამედ ეს არის დაპირება, რომ ევროკავშირი მიიღოს საკუთარ წევრად. ამისთვის კი გრძელი გზაა გასავლელი, რომელიც წლებს მოიცავს, რომელიც გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის, მისი ინსტიტუტების დაახლოებას და ჰარმონიზებას ევროკავშირის კანონმდებლობასა და ინსტიტუტებთან. გარკვეულწილად, ასოცირების შეთანხმებაში გაწერილი პროცესი სწორედ ამის ნაწილია. როგორც იცით, ასოცირების შეთანხმება 70%-ს ფარავს ევროკავშირის კანონმდებლობისა, რომლის ნახევარიც, უკვე შესრულებულია. ასე რომ, ამ კუთხითაც წინ ვართ. საქართველოს პარლამენტმა, მათ შორის, მისი პოლიტიკური შემადგენლით, მაგრამ, ასევე, აპარატის მონაწილეობით, შეძლო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მომენტიდან დღემდე, დაახლოებით, 60 ახალი კანონის მიღება, დაახლოებით, 600 ცვლილების მიღება, დაახლოებით, 100-მდე დირექტივა, რეკომენდაცია იქნა გადმოტანილი ქართულ კანონმდებლობაში, რაც არის სწორედ ის 45% საქმისა, რომელიც უკვე შესრულებულია ასოცირების შეთანხმების მიზნების მიღწევის კუთხით. ამიტომ, ამ კუთხითაც ამ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობისთვისაც, მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილს, პარლამენტის აპარატის უფროს ქეთევან კვინიკაძეს და პარლამენტის კაბინეტის უფროსს, ლევან მახაშვილს კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
დამსწრეებს მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ. მისი შეფასებით, კითხვარის შევსების პროცესში პარლამენტის თანამშრომლებმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს, რაც, მისივე თქმით, სწორედ ისაა, რაზეც ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და შესაბამისად, ძლიერი სახელმწიფო დგას.
„პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივით, დღეს გვაქვს საშუალება, რომ აღვნიშნოთ პარლამენტის აპარატის იმ თანამშრომლების საქმიანობა და ღვაწლი, რომლებმაც ინტენსიურად იშრომეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის შევსების პროცესში. ალბათ, ნამდვილად ვჯერდებით იმაზე, რომ ეს არ იყო ერთდღიანი საქმიანობა, ეს იყო კონკრეტულ პერიოდში ინტენსიური საქმიანობა, რომელიც თქვენ განახორციელეთ. ეს თქვენგან მოითხოვდა მაღალ პროფესიონალიზმს და დიდ თავდადებას, იმიტომ, რომ კონკრეტულ პერიოდში უნდა დაგეწერათ, უნდა გაგეანალიზებინათ ის რეფორმები და შედეგები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განახორციელა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის, იმიტომ, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, პირველად გვაქვს საშუალება, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მადლობის სიგელი გადავცეთ და ხაზი გავუსვათ მათ მიერ შესრულებულ მნიშვნელოვან საქმიანობას. დიდი მადლობა მსურს გადავუხადო თითოეულ დეპუტატს, კომიტეტის თავმჯდომარეებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენ ამ პროცესის განმავლობაში გაგვიწიეთ, იმიტომ, რომ ჩვენ ამას მარტო ვერ შევძლებდით. ჩემი, როგორც პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის პერსონალური მადლობა მსურს გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, იმიტომ, რომ მაღალი პროფესიონალიზმი, რომელიც თქვენ ამ პროცესში გამოაჩინეთ, არის ზუსტად ის, რაზეც დგას ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტი და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები ქმნის ძლიერ სახელმწიფოს“, – განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის 50 თანამშრომელი დააჯილდოვა.