ოთარ შამუგია ქვემო ქართლში სამელიორაციო ობიექტებზე განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შედეგებს ადგილზე გაეცნო

18/06/2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მარნეულში იმყოფებოდა. მინისტრი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, სამელიორაციო ობიექტებზე განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შედეგებს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შპს „საქართველოს მელიორაციის” მიერ ჩატარებული მასშტაბური აღდგენითი სამუშაოების შედეგად, სოფელ შაუმიანში, 30 წლიანი პაუზის შემდეგ, სარწყავი სისტემა ამოქმედდა. შაუმიანისა და ხიხანის მოსახლეობა, სამი ათეული წლის შემდეგ, სარწყავი წყლით წელს პირველად ისარგებლებს.

„სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა და რეაბილიტაცია არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ამ მიმართულებით მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ, რითაც საშუალებას ვაძლევთ ფერმერებს, აწარმოონ ხარისხიანი, მაღალი ღირებულების პროდუქცია. მარნეულის მუნიციპალიტეტში სრულად აღვადგინეთ სარწყავი ინფრასტრუქტურა, რისთვისაც რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 30 წლის შემდეგ, წელს პირველად, გავუშვით წყალი. ათას ჰექტარ ფართობზე მეტი წყლით უზრუნველყოფილი იქნება”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სოფელ ფარცხისში, უხვი ნალექის გამო განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, ტბისი-კუმისის სარწყავ სისტემაზე დაზიანებული მილსადენის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და წყლის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღდგება.

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ მიმდინარე სამუშაოები. მეწყრული პროცესების გამო, მილსადენი მწყობრიდანაა გამოსული. მელიორაციის კომპანია მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს საკუთარი ძალებით. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ძალიან მალე აღვადგინოთ სისტემა – მობილიზებულია ტექნიკა და სამუშაო ძალაც. ყველა პირობაა შექმნილი, რომ ძალიან მალე მივაწოდოთ მოსახლეობას სარწყავი წყალი”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

„საქართველოს მელიორაცია”, გეოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს. აღნიშნული სარწყავი სისტემით ქვემო ქართლის რეგიონის 17 სოფლის, დაახლოებით, 3500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის წყალუზრუნველყოფა ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0