თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

17/06/2022

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა და მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღება განპირობებულია ეროვნული სადაზვერვო სისტემის და სადაზვერვო საქმიანობის დახვეწის, ასევე, ამ კანონის სხვა საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით. კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოს დაზვერვის სამსახურის შემდგომ განვითარებას და კანონში არსებული სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრას. კანონპროექტის თანახმად, გაიზრდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, როგორც დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის ჩართულობა დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში.

„სამსახურის უფროსი ვალდებული იქნება საქართველოს დაზვერვის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს – მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ასეთ ვალდებულებას“, – განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

მისი თქმით, სამსახურში მიღებული პირები დაინიშნებიან გამოსაცდელი ვადით და დაექვემდებარებიან სპეციალური მომზადების კურსებისა თუ პროგრამის გავლას. სამსახურის ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელ დანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნა, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამსახურის წარმომადგენლების მივლენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს დაზვერვის სამსახურში ოპერატიული ან/და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელ დანაყოფებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების შემთხვევაში.

„სამსახურს მიენიჭება ელექტრონული დოკუმენტის შექმნის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების უფლებამოსილება, რაც რეალურად ისედაც ხორციელდება სხვა საკანონმდებლო აქტებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მომხსენებელმა.

დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტის გამოცემის მიზნით შეიქმნება შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი. მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0