ოთარ შამუგია ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) რეგიონალურ ხელმძღვანელს, მაიკლ ფრენკომს შეხვდა

16/06/2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) რეგიონალურ ხელმძღვანელს, მაიკლ ფრენკომს შეხვდა. შეხვედრაზე მარცვლეული კულტურების წარმოების ზრდის უზრუნველყოფისთვის სექტორში არსებული საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავების საკითხს. მინისტრმა ქვეყანაში ხორბლის წარმოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო გეგმავს ისეთი მასტიმულირებელი პროექტები განახორციელოს, რომელიც ხორბლის წარმოებისა და მოსავლიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.

„არსებულმა ვითარებამ დაგვანახა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის მაქსიმალურად მოკლე დროში ზრდა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, შევძლებთ, მომავალი წლების განმავლობაში, ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი დაახლოებით 50%-მდე მაინც გავზარდოთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ოთარ შამუგიამ, შეხვედრაზე, სამინისტროს მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით გატარებული პოლიტიკის შედეგად მიღებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც ქართული ღვინის ექსპორტი ხორციელდება. რაც შეეხება აშშ-ის ბაზარს, გასულ წელს ქართული ღვინის ექსპორტმა, დაახლოებით, 1 მლნ ბოთლი შეადგინა. მაიკლ ფრენკომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) გეგმავს საქართველოს ხორბლის სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმაროს.
მაიკლ ფრენკომ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ საქართველოში განხორციელებულ მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ USDA ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების რძის პროდუქტებისა და საქონლის ხორცის ხარისხის სტანდარტის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. შეხვედრას USDA-ს წარმომადგენელი საქართველოში დემნა ძირკვაძე და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0