ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

09/06/2022

ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გზის სარეაბილიტაციო 7.1 კმ-იანი მონაკვეთი გაივლის სოფელ კვესეთს და ბეთანიის მონასტრამდე მიდის, რომელიც ასევე, უერთდება თბილისი-კოჯორი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება; საგზაო სამოსის მოწყობა; კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთება და ახალი ნაგებობების მოწყობა; მიწის ვაკისის და გზის სავალი ნაწილის გაგანიერება; მიერთებების და სავალი ნაწილის მონიშვნა; საგზაო ნიშნების მონტაჟი და შემოფარგვლა. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი იყო გრუნტიანი და ართულებდა ტრანსპორტის გადაადგილებას. ჩატარებული სამუშაოები უზრუნველყოფს როგორც ავტომობილების, ასევე ფეხით მოსიარულე ტურისტების და დამსვენებლების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა; სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0