მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საავტომობილო გზაზე შეზღუდული მოძრაობა აღდგა

08/06/2022

ძლიერი წვიმის შედეგად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საავტომობილო გზაზე შეზღუდული მოძრაობა აღდგა. ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება ადამიანური და ტექნიკური რესურსით. საგურამოში ამ დრომდე იმყოფებიან მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები გაწმენდით სამუშაოებს მონიტორინგს პირადად უწევენ და არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.

“მოსულმა უხვმა ნალექმა სოფელ საგურამოში პრობლემები შექმნა, თუმცა მათი დროულად აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება. მათ შორის იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე, სოფლის შიდა გზები. ჩვენ კოორდინაციაში ვიმყოფებით შესაბამის უწყებებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამინდის გაუმჯობესებისთანავე, შესაბამისი კომისია შეისწავლის წვიმისგან მიყენებულ ზარალს. გაწმენდითი სამუშაოები სოფელ საგურამოში პრობლემის სრულად აღმოფხვრამდე გაგრძელდება.” – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.

მოსულმა უხვმა ნალექმა, საგურამოში, ასევე, შექმნა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, რომლის მოგვარების მიზნითაც, შესაბამის სამსახურს აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებული აქვს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0