გორში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური.
“ინტენსიურმა წვიმამ გარკვეული სახის პრობლემები შექმნა, ძირითადად გორის რამდენიმე უბანში. ინტენსიური წვიმის შედეგად წარმოქმნილმა ნიაღვრებმა დატბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და ასევე ეზოები. ასევე, დაიტბორა კომბინატის დასახლებასა და სოფელ ტინისხიდს შორის სარკინიგზო გადასასვლელი ხიდის ქვეშ არსებული მონაკვეთი. აღნიშნულ ლოკაციაზე ავტომობილმა გამოსვლა ვეღარ შეძლო და მძღოლი და სატრანსპორტო საშუალებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა გამოიყვანეს. საბედნიეროდ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.” – აღნიშნა სიმონ გულედანმა
ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ გორში დაიტბორა რამოდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფი და ეზოები. გარდა ამისა, ავტომანქანების გადაადგილების პრობლემა შეიქმნა კომბინატის დასახლებაში, სარკინიგზო ხიდის ქვეშ არსებულ მონაკვეთზე, სადაც ამოტუმბვის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.