აპლიკანტი ქვეყნის მზაობის პარალელურად საქართველო აკმაყოფილებს ამისთვის აუცილებელ პარამეტრებს

27/05/2022

პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარდგა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ შეკითხვას უპასუხა, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის ორივე ნაწილზე მუშაობის დასრულებასთან დაკავშირებით ხუთ საკითხს შეეხებოდა, კერძოდ:

რა სამუშაო იქნა გაწეული სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ევროპული კომისიის კითხვარის სათანადო დონეზე მოსამზადებლად?
რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას ევროკომისია შეფასების პროცესში და როდის ველოდებით შეფასების დოკუმენტის გამოქვეყნებას?
როგორია მოლოდინი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით?
ევროკომისიის კითხვაზე მუშაობის შედეგად რა სფეროები გამოიკვეთა როგორც ყველაზე წარმატებული და რომელი მიმართულებით ჭირდება ქვეყანას გაუმჯობესება?
რა დიპლომატიურ სამუშაოს ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი საქართველოს მთავრობის ისტორიული, ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში ერთადერთი ლოგიკური სწორი და სამართლიანი ნაბიჯია. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს მოსახლეობის ცივილიზაციური არჩევანი, დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ ადგილს, ევროპულ ოჯახს.

„2022 წლის 3 მარტს საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს მოსახლეობის ცივილიზაციური არჩევანი, დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ ადგილს, ევროპულ ოჯახს. ევროპა საქართველოს ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული გამოცდილების განუყოფელი ნაწილია. ევროპული არჩევანი საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამართლებრივი მემკვიდრეობაა და ის ჩვენი საგარეო პოლიტიკური ტრადიციაა. მეტიც, ის საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციური ნორმაა. საქართველოს წინაშე არსებული მზარდი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპის კონტინენტზე ომი პირველად 2008 წელს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, შემდგომ 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ კიდევ ერთხელ იქცა სამწუხარო რეალობად და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ჩვენს უკრაინელ ძმებს, დებს და უკრაინას. ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებული განაცხადი საქართველოს მთავრობის ისტორიული, ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში ერთადერთი ლოგიკური სწორი და სამართლიანი ნაბიჯია. თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის, მმართველი პარტიის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური ამოცანა იყო 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის წარსადგენად ქვეყნის მომზადება. თუმცა დაგეგმილზე ორი წლით ადრე განაცხადის გაკეთება, ერთი მხრივ, იყო ჩვენი პასუხი შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოზე, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში, ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და ასევე იმის გაცნობიერება, რომ საქართველო უკვე დღეს, 2022 წელს იყო მზად ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისი განმარტებით, კითხვარი, რომელიც საქართველოს გადმოეცა, აერთიანებდა 2 600-ზე მეტ კითხვას და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოს კითხვარის შესავსებად გაცილებით ნაკლები ვადა – 1 თვე ჰქონდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ილია დარჩიაშვილის განცხადებით. საქართველომ დასახულ ამოცანას თავი ღირსეულად გაართვა. მინისტრის თქმით, ევროპული მხრიდან გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსაა მოსალოდნელი.
ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო აკმაყოფილებს შესაბამის აუცილებელ პარამეტრებს და მზად არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღონ ახალ წევრებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ მოცემულ ეტაპზე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან „საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ერთხმად ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება“.

„აპლიკანტი ქვეყნის მზაობის პარალელურად საქართველო აკმაყოფილებს ამისთვის აუცილებელ პარამეტრებს და მზად არის მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ჩვენ ამას ნამდვილად ვიმსახურებთ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღონ ახალ წევრებს, თუმცა წევრ ქვეყნებს შორის ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, რაც ყველასთვის ცნობილია. საქართველოს მიერ კითხვარის შევსება გაწევრიანების მხოლოდ ერთ-ერთი საწყისი პროცედურული ეტაპია და მნიშვნელოვანია ის უფრო ფართო კონტექსტში განვიხილოთ. ცალსახაა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც განპირობებული იყო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებითაც. ეს ყველაფერი დასტურდება ბოლო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული არაერთი საერთაშორისო ანგარიშით. საქართველო ბევრი მიმართულებით უწევს გაწევრიანების პროცესში მყოფ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის დაყენება საქართველოს მოსახლეობის, ჩვენი სახელმწიფოს ერთიანი ძალისხმევის, მისი ისტორიული, პოლიტიკური არჩევანის მანიფესტაციაა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს წევრ ქვეყნებთან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. კერძოდ, განვახორციელე შეხვედრები და სატელეფონო ზარები ევროკავშირის წევრი ქვეყნების თითქმის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრთან; საქართველოს საელჩოებს მიეცათ ინსტრუქცია ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან, კვლევით ცენტრებთან და სხვა საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე ორგანიზაციებთან აქტიურად მუშაობის თაობაზე საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდამჭერი პოზიციების ფორმირების მიზნით. საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს თბილისში აკრედიტებული ქვეყნების საელჩოებთან და ევროკავშირის დელეგაციასთან. მიმდინარეობს პროცესი საქართველოს ელჩების, საელჩოების წევრ ქვეყნებში გამართულ შესაბამის დისკუსიებში მონაწილეობისა და პოზიციების დაფიქსირების მიმართულებით. მსურს ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის დაყენება საქართველოს მოსახლეობის, ჩვენი სახელმწიფოს ერთიანი ძალისხმევის, მისი ისტორიული, პოლიტიკური არჩევანის მანიფესტაციაა. საქართველოს ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არა აქვს და ის მთელი ქვეყნის, ჩვენი, ყველას მონაპოვარი იქნება. საქართველოს მომავალი ევროპულია, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია!“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლის შემდეგ. პლენარულ სხდომაზე გაიმართა დებატები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის უფრაქციო წევრებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა, საპარლამენტო ოპოზიციაში და უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0