„საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობის ინტენსიფიკაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე პროგრესთან ერთად“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავება, სამშობლოსთან მათი კავშირის აღდგენა-შენარჩუნება და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში აქტიური ჩართულობა საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. პარლამენტის თავმჯდომარემ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში პრეზიდენტის განსაკუთრებულ როლზეც ისაუბრა.
„ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდან“, – ეს სიტყვები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ყველა თქვენგანის, ყველა ჩვენგანის ფესვები აქ — საქართველოშია. ჩემთვის ახლობელია ათასობით კილომეტრს მიღმა, სამშობლოსგან მოწყვეტილი, მაგრამ მასზე მუდამ მოფიქრალი, საკუთარი კულტურის, რწმენის, ადათ-წესების, სტუმარ-მასპინძლობის არდავიწყება. ეს სულიერი კავშირი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. მოხარული ვარ, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში უკვე შესაძლებლობა გვაქვს, პირადად შევხვდეთ ერთმანეთს და ეს ფორუმი გაიმართოს პირადი კონტაქტის ფორმატში. დიასპორის ფორუმი შესანიშნავი პლატფორმაა დიასპორის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისთვის, სხვადასხვა საკითხზე მათი ხედვებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. ჩვენს თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავება, სამშობლოსთან მათი კავშირის აღდგენა-შენარჩუნება და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში აქტიური ჩართულობა საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რაც ასახულია კიდეც ჩვენს კონსტიტუციაში და ამაში ქალბატონ პრეზიდენტსაც მისი წვლილი მიუძღვის. თქვენ ხართ საქართველოს სახე, აკავშირებთ საქართველოსა და ადგილსამყოფელ ქვეყანას, იზიარებთ ორ კულტურას, ორი ქვეყნის ღირებულებებს, ხელს უწყობთ ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას. ამიტომ თქვენ განსაკუთრებული მისია გაქვთ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისა და პოზიტიური იმიჯის განმტკიცებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში ქართულ დიასპორასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობის ინტენსიფიკაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე პროგრესთან ერთად. დიასპორის პოტენციალი დიდია ქართული და ევროპული ღირებულებების თანხვედრის წარმოჩენისა და საქართველოს ევროპული მომავლის ხელშეწყობის კუთხით. გვჯერა, რომ ღირსეულად გაიტანთ სამშობლოს სახელს, უცხოელებსაც აზიარებთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მდიდარ ისტორიას და კულტურას. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საკუთარ სამშობლოსთან, საკუთარ ფესვებთან კავშირის შენარჩუნება და განვითარება სახელმწიფოს ყველა შტოს საზრუნავია. გიდასტურებთ საქართველოს პარლამენტის თანადგომას დიასპორის წარმომადგენლებში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების და ასევე, სახელმწიფოს შესაძლებლობებზე ფართო წვდომის უზრუნველყოფის და არსებულ გამოწვევებთან ერთობლივად გამკლავების საქმეში. ამ მხრივ თქვენი ჩართულობის, იდეების და ინიციატივების იმედიც გვაქვს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.