პარლამენტში ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარდგა

27/05/2022

პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარდგა და პარლამენტის წევრთა 7-კაციანი ჯგუფის – დავით უსუფაშვილის, ანა ნაცვლიშვილის, სალომე სამადაშვილის, შალვა შავგულიძის, არმაზ ახვლედიანის, თამარ კორძაიას და დილარ ხაბულიანის შეკითხვას უპასუხა. შეკითხვის ავტორები დაინტერესდნენ, რა ღონისძიებებს ახორციელებს მთავრობა იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიის, ასევე ქვეყანაში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირების თუ სხვა სუბიექტების გამოყენებით არ მოხდეს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დარღვევა რუსეთის ფედერაციისა და მათი წარმომადგენლების მიერ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების, ასევე, გაეროს ქარტიის უხეშ დარღვევას, რაც აქამდე არნახულ გამოწვევას უქმნის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. ომის დაწყების პირველივე დღიდან საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში. სხვაგვარად, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რადგან უკრაინასთან ჩვენ გვაქვს ისტორიული მეგობრობა. ჩვენ ქვეყნებს აქვთ საერთო ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები. ჩვენი ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა, მრავალ საჯარო განცხადებაში, ხაზგასმით დავგმეთ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია. საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო, დაგმო სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი განზრახვა. 6 აპრილს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში ჩავიდა და უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან ერთად ომით დაზარალებული ქალაქები ბუჩა და ირპენი მოინახულა. საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები, განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, მუდმივად გამოხატავენ უკრაინის მხარდაჭერას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალურად ისაუბრა ხელისუფლების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმულ ნაბიჯებზე.

„საქართველო გაეროს 96 ქვეყანას შორის იყო ვინც თანასპონსორობა გაუწია „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ რეზოლუციას. საქართველო იყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი თანასპონსორი. რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია 90 სახელმწიფომ და მხარი დაუჭირა 140-მა ქვეყანამ. საქართველომ მხარი დაუჭირა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას. ასევე, საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს იმ რეზოლუციის თანასპონსორია, რომელიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს. ასევე, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 25 თებერვლის გადაწყვეტილებას ანუ ომის დაწყებიდან მეორე დღეს რუსეთის ფედერაციისთვის მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერების შესახებ. ასევე, ჩვენმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 16 მარტის გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოდან რუსეთის ფედერაციის დაუყოვნებლივი გარიცხვის შესახებ. ჩვენი ქვეყანა იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიებზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით მიმართეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც მთავარი თანასპონსორობა გაუწია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტს რუსეთის ფედერაციისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის უფლების შეჩერების შესახებ. საერთო ჯამში, თებერვლიდან მოყოლებული საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი ჩვენი მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციების და გადაწყვეტილებების რაოდენობა 235 აღწევს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებების შესახებ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული ბანკის მითითება მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას და ამ მხრივ ჩვენი ქვეყნა ნამდვილად გამოირჩევა მსოფლიო ქვეყნებს შორის.

„ჩვენმა მთავრობამ უკრაინელი ხალხის, მათ შორის, საქართველოში ჩამოსული უკრაინელების დასახმარებლად უკვე გაიღო 7 მილიონი დოლარი, მათ შორის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი იქნა 1 მილიონი ლარი. ქვეყანა აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 ათასამდე უკრაინელის დახმარებას. უკრაინისადმი დახმარება გაგრძელდება და ამისთვის წლის ბოლომდე, ჩვენი ვარაუდით, 7 მილიონ დოლარზე მეტი გამოიყოფა. დღეის მდგომარეობით, საქართველომ უკრაინაში გააგზავნა ათას ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო საშუალებებით. უკრაინის სახელმწიფო ფოსტის ინფორმაციით, საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით. უკრაინელი მეგობრების, მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია რამდენიმე ცხელი ხაზი, უკრაინის მოქალაქეებს უზრუნველვყოფთ საცხოვრებლით, საკვებით, ტანსაცმლით, ყველა საჭიროებით, რაც მათ ესაჭიროებათ საქართველოში. ასევე, შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი ჩამოყალიბდა. ასეთივე სკოლა ბათუმშიც გაიხსნა და ჯამში უკვე 900-ზე მეტი მოსწავლეა ჩარიცხული. უკრაინელი მოქალაქეებისთვის უფასოა მუნიციპალური ტრანსპორტით, მუზეუმებით, გალერეებით და სხვა ღირსშესანიშნავი ადგილებით სარგებლობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის გარდა, უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად მობილიზებულია კერძო სექტორი. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციასთან.

„2014 წლიდან საქართველო უერთდება ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს ყირიმის და სევასტოპოლის წინააღმდეგ. ასევე, მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩვენი ქვეყანა მიუერთდა ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს დონეცკთან და ლუგანსკთან მიმართებაში და სანქციებთან მიმართებით საქართველოს მსგავსი პოზიცია არაერთ ქვეყანას აქვს. სანქციებთან მიმართებაში მე არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენი მთავრობის პოზიცია არის ნაკარნახევი ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი მთავარი ამოცანა, პირველ რიგში, უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვა. საქართველოს, ეროვნულ დონეზე, ჩვენ ჩვენი ეკონომიკური სანქციები არ დაგვიწესებია რუსეთის წინააღმდეგ და ამას არც გავაკეთებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არცერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ არ მივცემთ არცერთ სანქცირებულ კომპანიას თუ ფიზიკურ პირს, რომ გამოიყენოს საქართველო სანქციების გვერდის ავლის მიზნით. არც ერთი მსგავსი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა, თუმცა ჩვენ არაერთი ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება გვესმის, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე სამწუხაროდ, უკრაინის მთავრობის მხრიდან. ზოგადად, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართალთან და რეგულაციებთან. გარდა ამისა მინდა გითხრათ ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, კოორდინაცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, გვაქვს მუდმივ რეჟიმში ინფორმაციის გაცვლა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ ფინანსურ პოლიტიკასთან სრულ შესაბამისობაში.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ევროპარლამენტის საბჭოს რეგულაციებთან და ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობით ახორციელებს საბაჟო კონტროლსა და საბაჟო ზედამხედველობას. საქონლის შემოტანა – გატანა ხორციელდება საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე 20 საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით. საქონელი ათასზე მეტი მებაჟე ოფიცრის კონტროლს ექვემდებარება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადაადგილებული ტურისტების საბაჟო კონტროლის გასაძლიერებლად საბაჟო გამშვებ პუნქტ ყაზბეგში გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობა, დამატებით განთავსდა რენტგენ – სკანერები და არის სრული კონტროლი ადგილზე“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

მისი თქმით, საბაჟო რისკების მართვის სპეციალური ჯგუფის მიერ შეიქმნა ახალი საბაჟო რისკების პროფილები სამხედრო, ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში. ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ შეტანილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა სანქციების მონაწილე ქვეყნებიდან შემოტანილი ან ამ ქვეყნების წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული საქონლის რეექსპორტი რუსეთში. პრემიერ-მინისტრის თქმით, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მარეგულირებელი პროცედურები საშუალებას იძლევა, რომ მაქსიმალურად დაზღვეული იქნას რისკები, რაც სანქციებს და სანქცირებულ პროდუქციას უკავშირდება.

„ასევე გეტყვით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის კონტროლს და კომპეტენციების ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებებს ატარებს რეგიონული, საერთაშორისო უსაფრთხოების, ისევე, როგორც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების ხელშესაწყობად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე გაიმართა დებატები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის უფრაქციო წევრებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა, საპარლამენტო ოპოზიციაში და უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0