საქართველოს მთავრობა, ყველა შესაბამისი ინსტიტუციით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის

26/05/2022

„საქართველოს მთავრობა, ყველა შესაბამისი ინსტიტუციით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მეტი მიმზიდველობისთვის, როგორც ტურისტების, ასევე ინვესტორებისა და ბიზნეს სექტორისთვის. ეს პროცესი შეუქცევადი და მზარდია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისა და გაძლიერების წინაპირობაა“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის გამოსვლისას. თანამომხსენებლის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს და ამის მაგალითად სამაჟორიტარო ოლქის მაგალითები დაასახელა: ეს არის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის 15 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია, დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის დაგეგმილი რეაბილიტაცია, გურჯაანის დასრულებული შემოვლითი გზა და ბაკურციხე-წნორისა და თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალის მიმდინარე მშენებლობები, ველისციხის ურბანული განახლების პროექტი და ა. შ.

„აქვე აღვნიშნავ, ქვეშეთი-კობის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის მშენებლობას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელი პროექტია და რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის როგორც სატრანსპორტო მიმართულებით განვითარებას, ასევე – ტურიზმის ზრდას,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრემიერის ინიციატივით მიმდინარე „განახლებული რეგიონების“ პროექტი, რომელიც ახალ სიცოცხლეს აძლევს მუნიციპალიტეტებს და მეწარმეებსაც ბიძგს აძლევს მცირე ბიზნესის განვითარებისთვის.

„რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია მისი რეგიონების მდგრად განვითარებაზეც და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, რაც მიიღწევა რეგიონების ძირითადი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით. ამ ნაწილში არ შემიძლია არ გამოვყო წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობებთან დაკავშირებული პროექტების წარმატებით განხორციელება, რომელიც 2025 წლისთვის დასრულდება და შედეგად, ყველა ქალაქს წყლის პრობლემა აღარ ექნება“, – აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მთავრობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს როლი სკოლების მშენებლობა-განახლებაში, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ყველა რეგიონია ჩართული და ეტაპობრივად მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი. თანამომხსენებელმა ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და „2020-2022 წლების ინტეგრირებული რეგიონული განვითარების საპილოტე პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საპილოტე რეგიონებში ძირითადი ინფრასტრუქტურული უთანაბრობების შემცირებას. ​დეპუტატის განცხადებით, პროგრამა ემყარება ევროკავშირის რეგიონების განვითარების პოლიტიკას და ხელს უწყობს ადგილობრივად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას სწრაფი განვითარებისთვის.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარება“, რომელიც მიმართულია საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ- ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისკენ, რაც თავის მხრივ, მოსახლეობის მეტ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, განავითარებს ვაჭრობასა და ტურიზმს. საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს, ამიტომაც მსგავს პროექტებზე მუშაობა ინტენსიურად უნდა მიმდინარეობდეს, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონების დაბალანსებულ განვითარებას და ურბანულ განახლებას, ქვეყანაში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შექმნასა და ინვესტიციების ზრდას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისი თქმით, კომიტეტი აქტიურად ადევნებს თვალს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობას უწევს ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მიმდინარეობას და ბიუჯეტით გამოყოფილი თანხების ათვისების მდგომარეობას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშების მოსმენებისას.

„ამ მიმართულებით, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, საქართველოს მთავრობის მიერ დაახლოებით 1 თვის წინ გამოცემულ განკარგულება „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ბიზნესის მხარდაჭერისთვის. ეს საშუალებას მისცემს ბიზნესს, რომ პროექტების განხორციელებაში შეფერხება არ ჰქონდეთ და ამის გამო ბიზნესპროცესების განხორციელება არ შეწყდეს, შენარჩუნდეს აღებული ვალდებულებების შესრულების ვადები და დასაქმების პირობები. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობით, ის პროექტები, რომელიც მიმდინარეა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის, მათი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებისკენაა მიმართული, კიდევ უფრო მრავალფეროვან სახეს მიიღებს და შესრულების დინამიკაც გაიზრდება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა და მადლობა გადაუხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მის გუნდს იმ სამუშაოებისათვის, რომლებიც პანდემიის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა და არ გაჩერებულა არცერთი დიდი თუ მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0