კანონმდებლებმა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებათა პროექტი და მისი თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს და 76 ხმით, ერთხმად მიიღეს.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს. საქართველოს მთავრობის ინიციატივა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა და დეპუტატებს ზოგადი პრინციპების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კანონპროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებას. ცვლილებებით წესრიგდება მოსამსახურეთა მომზადებასთან, გადამზადებასთან, კვალიფიკაციის ამაღლებასთან და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საკითხები. ცვლილებათა პროექტით სამოქალაქო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის საკითხი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირებისთვის ახლებურად დარეგულირდება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილი იქნება, განახორციელოს მეხანძრე-მაშველთათვის საბაზისო სპეციალური პროფესიული განათლების, აგრეთვე, მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების და კურსების მიწოდება.
საკანონმდებლო პაკეტი შვიდი კანონპროექტისგან შედგება.