თბილისი კონტინენტური ევროპის ენერგეტიკული საბჭოს 54-ე შეხვედრას მასპინძლობს

13/05/2022

თბილისი კონტინენტური ევროპის ენერგეტიკული საბჭოს 54-ე შეხვედრას მასპინძლობს. წარმომადგენლობითი ფორუმში ნავთობისა და გაზის სექტორში მომუშავე 70-ზე მეტი კომპანიის 200 დელეგატი მონაწილეობს, ისეთი მსხვილი რეგიონული კომპანიებიდან როგორიცაა OMV პეტრომი, Exonn, DMT, Block energy და სხვ. ენერგეტიკული საბჭოს 54-ე შეხვედრა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მან ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში საერთაშორისო კაპიტალის მოსაზიდად ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, განსაკუთრებით კი ენერგეტიკაშია შექმნილი. მინისტრის შეფასებით, ენერგეტიკის მიმართულება შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ენერგოდამოუკიდებლობა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც.

„საქართველოს ნავთობის და გაზის საკმაოდ სოლიდური რესურსები რომ აქვს, ეს დადასტურებულია წარსული გამოცდილებით – მე-20 საუკუნეში პიკზე საქართველო 3 მლნ ტონაზე მეტ ნავთობს მხოლოდ სამგორის ველზე მოიპოვებდა. ეს არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ დღეს რამდენიმე პერსპექტიული მიმართულებით შევძლოთ ნავთობის მოპოვების გაზრდა,“ – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0