ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა

10/05/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ განსაზღვრულ ვადაზე ადრე შეავსო.

“სიამოვნებით წარმოგიდგენთ კითხვარის პასუხებს. შევსება დავასრულეთ, ჯამში 7 წიგნი გამოვიდა და სიამოვნებით გადმოგცემთ მათ. მოუთმენლად ველით ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების გაგებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კითხვარი ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შეფასების გაკეთებაში.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობელი ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვიღებ თქვენი და მრავალი სხვა ადამიანის დიდი შრომის შედეგს, რაც კითხვარის მეორე და დასკვნით პროცესში განხორციელდა. ეს ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შედეგის განსაზღვრაში”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

როგორც ცნობილია, ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი 33 თავს აერთიანებს, მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით და მისი მიწოდების თარიღად ევროკავშირის მიერ 13 მაისი იყო განსაზღვრული. კითხვარის მოცულობითი ნაწილის ეფექტურად და მაქსიმალურად მოკლე დროში შევსების მიზნით, ჩართული იყო ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება, პროცესს კი მთავრობის მეთაური პირადად აკონტროლებდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული არჩევანი არის უალტერნატივო გადაწყვეტილება და ეს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის ელჩს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0