ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ როგორია ლაბორატორიების სერვისები რეგიონებში

05/05/2022

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ოზურგეთის ლაბორატორიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ოზურგეთის რეგიონულ ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაოები და სასმელი წყლის დიაგნოსტიკის მიმართულებით დანერგილი კვლევის ახალი მეთოდები განიხილეს. საუბარი შეეხო ლაბორატორიის შესაძლებლობების საკითხს და სამომავლო გეგმებს.

„ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ როგორია ლაბორატორიების სერვისები რეგიონებში, რა კვლევები გვაქვს დანერგილი და რამდენად არის ეს კვლევები შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებთან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონის მოსახლეობის მოთხოვნით, გაიზარდა წყლის მონიტორინგი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი სასმელი წყლის ხარისხის კონტროლისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ვეტერინარიის მიმართულება, აქაც აქტიურად მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები”, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძის განცხადებით, ოზურგეთის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტების თანამედროვე ტექნიკით, საშუალებას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას, საერთაშორისო სტანდარტის მომსახურება მიიღონ. ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს, სოფლის განვითარების სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ოზურგეთის ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0