თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ დამტკიცებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უსვამს ხაზს.
„როგორც იცით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობას. „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ხაზს უსვამს ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორობის, ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს მოსახლეობისადმი გამოხატული სრული მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც დედაქალაქში გადაადგილების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. დედაქალაქის მერმა აქვე განმარტა ცვლილებები, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს.
„ჩვენ გვაქვს ქალაქში პრობლემები გარკვეული მიმართულებით. ეს არის პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები: ავტომანქანების გაჩერება ისეთ ადგილებში, სადაც ეს აკრძალულია; შშმ პირებისთვის გამოყოფილი ადგილების დაკავება; A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილების დაკავება და ა.შ. გვინდა, ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. ძალიან ბევრი წერილი შემოდის იმასთან დაკავშირებით, რომ ტროტუარებზე არის გაჩერებული ავტომანქანები და ფეხით გადაადგილება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, გვინდა ეს ყველაფერი დარეგულირდეს. ვინაიდან ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მოიცავს ამ ყველაფერს, გარკვეული ცვლილებები განხორციელდება კანონში ჯარიმების გაზრდის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჯარიმები არავის უხარია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქალაქში წესრიგი იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიხედვით, ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარი გახდება ამკრძალავი ნიშნების – „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობის გამო; ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება აქამდე თუ 50 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებდა, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ჯარიმა 100 ლარამდე გაიზრდება. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ასევე, გაორმაგდება საურავი, რომელიც ამჟამად 100 ლარია; 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს ტაქსის პარკირების ადგილზე პარკირება, ასევე, გაორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვებისთვის პირი 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, საურავი 200 ლარი იქნება; თბილისში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირებისთვის პირი ამჟამად ჯარიმდება 50 ლარით, ხოლო ცვლილებების შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება. ასევე, გაორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში; შშმ პირების გაჩერების ადგილზე პარკირებისთვის ჯარიმა არის 50 ლარი, ცვლილებები კი ითვალისწინებს მის გაზრდას 100 ლარამდე. ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, ორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში; გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს ავტობუსის ზოლში A კატეგორიის ტაქსის გადასვლის ადგილებსა და პირობებს; ტროტუარზე თუ იქნება მანქანა დაპარკინგებული, მაშინვე დაექვემდებარება ევაკუაციას; მსუბუქი მანქანისთვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირება გამოიწვევს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით, ჯარიმის გადაუხდელობისთვის საურავი კი იქნება 200 ლარი. თბილისის მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასა და ამ მიმართულებით არსებულ ხარვეზებზეც გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, 200-ზე მეტი მიკროავტობუსის მძღოლია დაჯარიმებული. კახა კალაძის განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც მიკროავტობუსების მძღოლები თვითნებურად იქცევიან, მონიტორინგი კი ყოველდღიურად ტარდება და მსგავს ფაქტებზე რეაგირება ხდება. ასევე, მსგავსი შემთხვევების დროს, მგზავრებს შეუძლიათ, დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე და გადასცენ ინფორმაცია.
„ბოლო პერიოდში მგზავრთა ნაწილის მხრიდან გვესმის პრეტენზიები მიკროავტობუსის მძღოლებთან მიმართებით, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე, მიკროავტობუსების მძღოლი არ აჩერებს სატრანსპორტო საშუალებას და არ აძლევს გადაადგილების შესაძლებლობას. პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს სატრანსპორტო საშუალებაში თავისუფალი ადგილის არარსებობით და ამიტომ არ აჩერებდეს მძღოლი, თუმცა, არ უარვყოფთ, რომ თვითნებობის შემთხვევებიც ფიქსირდება. ჩვენ მონიტორინგს ვატარებთ. არის შემთხვევები, რომ მიკროავტობუსში ადგილებია, მაგრამ მძღოლი არ აჩერებს. ეს დამოკიდებულება მიუღებელია. დღეის მდგომარეობით, 200-ზე მეტი მძღოლია დაჯარიმებული. მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება. მინდა, მივმართო მგზავრებსაც, ვისაც გექნებათ ანალოგიური შემთხვევა, აუცილებლად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე და ამას ჩვენი მხრიდან რეაგირება ყოველთვის მოჰყვება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, რეფორმა, რომელიც დედაქალაქის მერიამ გაატარა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებასა და გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომლებიც აუცილებლად აღმოიფხვრება.
„იცით, რომ დღევანდელი სისტემით ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა რადიკალურად შეცვლილია. მიკროავტობუსების მძღოლები აქამდე გამომუშავებაზე იყვნენ, რამდენ მგზავრსაც აიყვანდნენ, მით მეტი შემოსავალი ჰქონდათ. მიკროავტობუსები გაუმართავი იყო, არ იყო მოწესრიგებული კონდიცირების სისტემა, მიზანმიმართულად არ რთავდნენ, რადგან საწვავი ეხარჯებოდათ. პრობლემა იყო ისიც, რომ მათ ყველგან შეეძლოთ მგზავრის აყვანა და გაჩერება, რაც ზრდიდა გადაადგილების დროს და ხელს უშლიდა სხვა სატრანსპორტო საშუალებებს. ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა. მიკროავტობუსების მძღოლები გადაყვანილი არიან ხელფასზე. რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები არსებობს. ამას ველოდით კიდეც, რადგან საკმაოდ დიდი რეფორმა გატარდა. ყველაფერს გამოვასწორებთ და ყველაფერს მივყვებით – სად არის შეფერხება, სად აგვიანებს ტრანსპორტი, სად სჭირდება დამატება, რომელ მარშრუტს სჭირდება გაუმჯობესება და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერიამ უსახლკაროთა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით კიდევ ხუთი ოჯახი დააკმაყოფილა. მიმდინარე წელს კი საცხოვრებლით, ჯამში, 60 უსახლკარო ოჯახი დაკმაყოფილდება.
„წინასაარჩევნოდ ჩემი ერთ-ერთი დაპირება თბილისელი უსახლკაროების საცხოვრებლით დაკმაყოფილება იყო. ჩვენ დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება, მაგრამ პარალელურად, ვებრძვით უკანონო მშენებლობებს, სახელმწიფო მიწების მიტაცებას. ამას არ დავუშვებთ. თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მოპოვებამდე, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელ ფართს ქირაობს. ამაში მილიონობით ლარი იხარჯება. ამიტომაც, დავიწყეთ უსახლკაროთა პროგრამის განხორციელება. დღეს კიდევ ხუთ ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელს. მომდევნო წლებში, ფართით 400 ოჯახი დაკმაყოფილდება. მათ კი, ვისაც ჯერ არ აქვს უსახლკაროთა სტატუსი მოპოვებული, თავიანთი რაიონების გამგეობებს უნდა მიმართონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. კერძოდ, აღინიშნა, რომ ივერთუბანში, ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ არსებულ 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე პარკი მოეწყობა. დედაქალაქის მერის თქმით, პროექტირება უკვე მიმდინარეობს და სამშენებლო სამუშაოები მაისში დაიწყება.
„რეკრეაციული სივრცეების განვითარების მხრივ, თბილისი ბოლო წლების განმავლობაში, მართლა შეიცვალა. შეიცვალა იმ თვალსაზრისით, რომ გახდა უფრო მწვანე, გაჩნდა უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე – ადგილები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, დაისვენონ, განიტვირთონ, სპორტით დაკავდნენ. ძალიან დიდი რესურსი აქვს ქალაქს ამ მიმართულებით და კიდევ მეტი პროექტი უნდა განხორციელდეს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, უფრო მწვანე იქნება ჩვენი ქალაქი და კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე იქნება, სადაც თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა ექნებათ. ივერთუბანში წინასაარჩევნოდ დავპირდით მოსახლეობას: საკანალიზაციო ქსელის მოწყობას, რომელიც არ არსებობდა და დღეს იქ უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. ასევე, დაპირება იყო ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობა. დღეს იქ არაფერი არსებობს, ხრიოკი ტერიტორიაა და უკვე მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. მაისში დავიწყებთ უშუალოდ პროექტის განხორციელებას. არსებული ტერიტორია ნახევარი ჰექტარია და ის მთლიანად იქნება მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლების N19-20 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ არსებული გამწვანების კიდევ ერთ დასრულებულ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასასვენებელი სივრცე იქ ნახევარ ჰა ფართობზე თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო.
„ნაძალადევის რაიონში, სანზონის N19-20 კორპუსის მიმდებარედ, ნახევარ ჰა ფართობზე მოეწყო დასასვენებელი სივრცე. ეს იყო მთლიანად განადგურებული და მოუწესრიგებელი. ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ აღნიშნული სივრცე იქნებოდა ყველანაირად კეთილმოწყობილი. შესაბამისად, ჩავატარეთ მისი რეაბილიტაცია და მოეწყო სპორტული მოედანი, ასევე, ატრაქციონები პატარებისთვის. ყველა თაობისთვის არის შესაბამისი სივრცე, სადაც დასვენება და გართობა შეუძლიათ. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. ყველგან, სადაც ასეთი პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი, ჩვენს ინტერესში შედის, რომ ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ, შევქმნათ მიზიდულობის ცენტრები. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, ჩვენ მიერ რეაბილიტირებული ყველა სივრცე გადავსებულია მოქალაქეებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.
საუბრის დასასრულს, კახა კალაძემ საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერიის კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი, რატი მამუკაშვილი წარუდგინა.
„დღეს მინდა საზოგადოებას გავაცნო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალგაზრდა მაშველი, 34 წლის რატი მამუკაშვილი. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლები გვყავს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი შეიცვალოს სასიკეთოდ, იყოს უფრო გამართული, მწვანე, ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული, ყურადღება ექცეოდეს ცხოველებს. რატი მამუკაშვილს ცხოველთა გადასარჩენად ჩატარებულ 500-მდე ღონისძიებაში აქვს მიღებული მონაწილეობა და სიკვდილისგან ჰყავს დახსნილი ასობით მიუსაფარი თუ პატრონიანი ცხოველი. ამაში თითქოს უჩვეულო არაფერია, მაგრამ წარმოიდგინეთ საცხოვრებელი კორპუსების საჰაერო მილებში, საძირკვლებსა და ნაპრალებში, 8-10 მეტრის სიღრმის ორმოებში, ჭებსა და სამელიორაციო არხებში ჩავარდნილი ცხოველები, რომლებსაც ადამიანების და თანაც, პროფესიონალი მაშველების დახმარების გარეშე, გადარჩენის შანსი არ ექნებოდათ. პირადად გამიგია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებისგან, რამდენად მნიშვნელოვანია რატის ასეთი დამოკიდებულება და როგორ შემართებას აძლევს სხვებსაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით, ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს.
„მეამაყება, რომ მერიის სისტემაში ბევრი ასეთი კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე პროფესიონალი მუშაობს. ჩვენი სიძლიერე ზუსტად იმაშია, რომ მუნიციპალიტეტში ამ ქალაქზე შეყვარებული ადამიანები მუშაობენ. მინდა, რატი მამუკაშვილს და ზოგადად, ცხოველთა მონიტორინგის თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო. ისინი ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ. აქვე გეტყვით, რომ ცხოველთა მონიტორინგში საკმაოდ დიდი რეფორმა მზადდება და ამასთან დაკავშირებით, ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.