კიბერუსაფრთხოების და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების სფეროში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმს აპატურაიმ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე. სხდომის დასაწყისში, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სტუმარს მიესალმა და საქართველო-ნატოს თანამშრომლობაში მის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა.
„ჯეიმს აპატურაი საქართველოს დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს და ნატოს პარტნიორობის გაღრმავებაში, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პროგრესში და ასევე ის არის საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებული ოქროს საწმისის ორდენით. ნატოში ინტეგრაცია არის საქართველოს მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული ცივილიზაციური არჩევანი, ჩვენი უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი. საქართველო არის ნატოს გაძლიერებული ასპირანტი პარტნიორი. ფლობს ალიანსში გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და არასდროს ყოფილა ნატოსთან ისე ახლოს როგორც დღეს. იმ პირობებში, როდესაც საფრთხის წინაშე დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, როდესაც რუსეთის ფედერაცია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უსასტიკეს ომს აწარმოებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, სუვერენული, ევროპული სახელწმიფოს წინააღმდეგ, განსაკურებულ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო უსაფრთხოების, განსაკურებით შავი ზღვის უსაფრთხოების ზომების შემდგომი გაძლიერება და გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს ალიანსის გაფართოება და მასში საქართველოს ინტეგრაცია“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
კომიტეტის თავმჯდომარე 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას და ალიანსის მხრიდან ღია კარის პოლიტიკას მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება ქართველი ხალხის ურყევ ნებას და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების პრინციპებისადმი ერთგულებას ეფუძნება.
“ჩვენ გვაქვს მყარი მოლოდინი, რომ მადრიდის სამიტის კომუნიკეში და ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში სათანადოდ აისახება ეს ასპექტები და უფრო დაკონკრეტდება საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ასევე ბრიუსელში 2022 წლის 6-7 აპრილს მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მედეგობის გაძლიერებაში მხარდაჭერის გაზრდის თვალსაზრისით, რაც რა თქმა უნდა, არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ნატოს შორის პარტნიორობის თვალსაზრისით. თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასთან ერთად ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავებას კიბერ უსაფრთხოების და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში. საქართველო ჩართულია ნატოს კიბერ უსაფრთხოების პლატფორმაში და ასევე მონაწილეობს ყველაზე დიდ კიბერ უსაფრთხოების ვარჯიშში. აღნიშნულ სფეროში თანამშრობლობა იწვევს განსაკუთრებულ დატვირთვას იმ პირობებში, როდესაც საქართველო მომატებული საფრთხეების საპასუხოდ აძლიერებს როგორც კიბერ უსაფრთხოების ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნულ შესაძლებლობებს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ და ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ახალ გამოწვევებთან გამკლავების მიმართულებით, კომიტეტისთვის საინტერესოა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის ხედვები და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია თუ როგორ ვითარდება ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ამ კუთხით.
კომიტეტის სხდომაზე ჯეიმს აპატურაის მოსმენა დახურულ ფორმატში გაგრძელდება. ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის განცხადებით, ის საქართველოში ნატო-ს ქვეყნების მთავრობების გადაწყვეტილების ფარგლებში იმყოფება, რაც, თავისთავად, ალიანსის მიერ საქართველოს მხარდაჭერას გამოხატავს. მისივე შეფასებით, უკრაინა-რუსეთის ომმა რეგიონში მთლიანად შეცვალა უსაფრთხოების არქიტექტურა და ალიანსი უახლოესი პარტნიორის – უკრაინის მხარდასაჭერად მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს.
„ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმალურს უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლისთვის, რომ ეს ომი შეჩერდეს. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მოვახდინოთ რუსეთის დიპლომატიური იზოლაცია. ნატო-ს ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი უახლოესი პარტნიორების მხარდასაჭერად, მათ შორის საქართველოში. სწორედ ამიტომ ვარ აქ, რათა განვიხილო კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული უსაფრთხოების სფეროები, ენერგოუსაფრთხოება. ენერგოუსაფრთხოების კუთხით საქართველოს როლი ევროპის მომარაგებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროპული ქვეყნები წყვეტენ რუსეთიდან ენერგორესურსებით მომარაგებას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ განვიხილოთ აქ, როგორ შეუძლია საქართველოს უკეთესად უზრუნველყოს თავისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კიბერთავდასხმების, ფიზიკური თავდასხმების წინააღმდეგ“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.