არავის დასჯას არ მივესალმები, მაგრამ ქალაქის აოხრებას და არასწორ ურბანულ განვითარებას არავის ვაპატიებთ

18/04/2022

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა. კახა კალაძემ სამშენებლო კომპანია „მონუმენტმშენს“ მიმართა, ამაღლების ქუჩაზე მშენებარე ობიექტი უმოკლეს ხანებში შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

„გვაქვს შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ უბნებში დღესაც არის უკანონო მშენებლობები, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მინდა, კიდევ ერთხელ ყველა გავაფრთხილო: სანამ მე ამ ქალაქის მერი ვარ, სანამ ვხელმძღვანელობ თბილისის მთავრობას, ჩემს თანამშრომლებთან ერთად, არასდროს დავუშვებთ უკანონო მშენებლობას. არ დავუხრით თავს არცერთ ასეთ ფაქტს, რომელიც იქნება გამოვლენილი. გვაქვს კონკრეტული შემთხვევა ისტორიულ ზონაში, ამაღლების ქუჩაზე, სადაც ერთ-ერთი მშენებლობის დროს გამოვლინდა სართულის უკანონოდ დაშენება. სამუშაოებს აწარმოებს კომპანია „მონუმენტმშენი“. არ ვიცი, ამ ადამიანებს რა დამოკიდებულება აქვთ ქალაქთან მიმართებაში. ცხადია, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ და უკანონოდ ახორციელებ მშენებლობას, ამახინჯებ შეთანხმებულ პროექტს და ერთ სართულს კიდევ ამატებ, არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ვიღაცას ეს გაუვა ან ვინმე გაუტარებს. ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება. მივიღებთ ყველანაირ შესაბამის ზომებს. შეიძლება, ეს იყოს ყველასთვის საჩვენებელი, თუ ჩემს მიერ დასახელებული კომპანია ძალიან მალე არ მოაწესრიგებს არსებულ მშენებლობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სამშენებლო ობიექტს კანონთან შესაბამისობაში არ მოიყვანს, ამ ყველაფერს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოჰყვება.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას მოჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ ის რეაქცია, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ბოლომდე ჩავყვებით. პირადად ვიქნები დაინტერესებული, რომ სამაგილოთოდ დაისაჯოს ეს კომპანია და კონკრეტული ადამიანები. მოუწევთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუ ეს შენობა-ნაგებობა არ იქნება მოყვანილი შესაბამისობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტი ითვალისწინებდა ორდონიან შენობას, რომლის სართულიანობა ხუთი და ექვსი იყო, თუმცა, კომპანიამ კიდევ ერთი სართული დააშენა.

„ჩვენი სამსახურების მხრიდან ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, გამოწერილია აქტი და კომპანიას მიეცა გაფრთხილება, რომ უმოკლეს ვადაში მოხდეს სართულის დემონტაჟი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს კახა გულედანს მიმართა, ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელოს მონიტორინგი და ჰქონდეს კომუნიკაცია მშენებელ კომპანიასთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს უკანონოდ დაშენებული სართულის დემონტაჟი.

„არავის დასჯას არ მივესალმები, მაგრამ ქალაქის აოხრებას და არასწორ ურბანულ განვითარებას არავის ვაპატიებთ. ჩვენ სწორედ იმიტომ აგვირჩია ხალხმა და იმიტომ გვაქვს ამხელა მხარდაჭერა, რომ ჩვენი ერთ-ერთი დაპირება სწორედ ქალაქის სწორი ურბანული განვითარება იყო. არავის გვსიამოვნებს ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ამ ქალაქში, თუ როგორ დაამახინჯეს კონკრეტული არეალები კონკრეტულ რაიონებში. ამის გაგრძელება კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ასეთ ფაქტებზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება. ჩვენ გასულ წელს გამოვაცხადეთ ამნისტია. ასე ვთქვათ მასშტაბური პატიება, რადგან შეუძლებელი იყო ამ დარღვევების გამოსწორება და უკანონოდ აშენებული ფართებიდან ხალხის გამოსახლება. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ საქართველოს პარლამენტთან ერთად, ამავე დროს დავაწესეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რომ მოგვეხდინა ასეთი დარღვევების პრევენცია. ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ კომპანიას, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს არსებული სივრცის დემონტაჟი და მშენებლობა მოიყვანოს პროექტთან შესაბამისობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს საეტაპო ოქმების წარდგენის გადავადებას გულისხმობს. მისი თქმით, საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება 2023 წლის პირველ იანვრამდე გადავადდება, აქამდე გამოწერილი ჯარიმები კი ჩამოეწერებათ.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად, იმ პირებს, რომლებიც აწარმოებენ სამშენებლო სამუშაოებს, ჰქონდათ ვალდებულება, რომ სამშენებლო სამუშაოების სხვადასხვა ეტაპზე, მშენებლობის ზედამხედველი ორგანოების წინაშე წარედგინათ საეტაპო ოქმები. როგორც ჩანს, სამშენებლო რეფორმის გარკვეული დეტალები ვერ გაითავისა სამშენებლო სექტორმა, რის გამოც, დაიწერა ძალიან ბევრი ჯარიმა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი იყო არა მშენებლების დაჯარიმება, არამედ სფეროს მოწესრიგება. შესაბამისად, ვიდრე ნორმის სრულფასოვანი შესრულების ეტაპზე გადავალთ, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ ინიციატივა, რათა მოხდეს საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულების გადავადება წლის ბოლომდე, ხოლო იმ პირებს, ვინც პირობების შეუსრულებლობის გამო უკვე დაჯარიმდნენ, ჯარიმები ჩამოეწეროთ. თანამშრომლობისთვის პარლამენტს მადლობას ვუხდი. აღნიშნული ინიციატივა უკვე განიხილა და მიიღო პარლამენტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულების ამოქმედება გადავადებულია 2023 წლის პირველ იანვრამდე, აქამდე გამოწერილი ჯარიმები კი ჩამოწერილი და გაუქმებულია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება სრულად ამოქმედდება.

„აქვე, მინდა მივმართო მშენებლობის მწარმოებელ პირებს, გაითვალისწინონ, რომ მომავალი წლიდან, საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება სრულად ამოქმედდება და სანებართვო პირობებში გაწერილი ვადების შესაბამისად, მათ მოუწევთ ანგარიშების წარდგენა მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაჯარიმდებიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება სამშენებლო ზედამხედველობის პროცესზეც გამახვილდა. კერძოდ, აღინიშნა, რომ სამშენებლო ობიექტზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარების წესი შეიცვალა. კახა კალაძის განცხადებით, თუ მშენებლობის მწარმოებელი პირი მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარებაზე უარს ამბობს, იგი ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას განთავსდება და ჩაბარებულად ჩაითვლება.

„პრობლემა გვქონდა სამშენებლო ზედამხედველობის განხორციელების პროცესში გადაწყვეტილებების ჩაბარებასთან, მის ძალაში შესვლასა და აღსრულებასთან დაკავშირებით. ადრესატი ხშირად უარს აცხადებდა მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარებაზე. გამოვიყენეთ უკვე არსებული პრაქტიკა. კერძოდ, გადაწყვეტილება ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას განთავსდება და ის უკვე ჩაბარებულად ჩაითვლება. ასევე, მოჰყვება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია მეტეხის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს.

„ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა, მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია მეტეხის ხიდის რეაბილიტაციაზე. დღეს უკვე ვიწყებთ უშუალოდ სამუშაოებს. ესეც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ხიდი საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას და განახლებას. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია თაღების გამაგრება, ფასადების დამუშავება, სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება, ტროტუარები მთლიანად განახლდება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება. ასევე, ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად განახლდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, დღეიდან მეტეხის ხიდზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. საპატრულო პოლიცია გვეხმარება ამ ყველაფერში, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოებს, რომელიც ზაფხულის ბოლოს დასრულდება, კომპანია „ბესკო“ შეასრულებს. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, ორი მლნ ლარია. თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სადღესასწაულო დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად, 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო 24 და 25 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე, ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.

„მოახლოვდა აღდგომის დღესასწაული და მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია 23, 24 და 25 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით. აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს, რადგან ბევრი ადამიანი მიდის ეკლესიაში, ესწრება წირვას, გვიან სრულდება ეს ყველაფერი და ისინი შესაბამისად, სახლში დაბრუნებას საჭიროებენ. ჩვენ ვიზრუნეთ მათზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება. კერძოდ, მეტრო 24 აპრილს გახანგრძლივებულად, 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს. გარდა ამისა, 24 და 25 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს; ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან; საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე – მეტროსადგურ „დელისიდან“; ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ – მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“; ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0