უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით, გვქონდა საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შევთავაზეთ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან იყოს თითო წარმომადგენელი

14/04/2022

„ჩემი სურვილი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ყოფილიყო მრავალპარტიული – გვქონდა საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შევთავაზეთ, ყოფილიყო თანაბარი წარმომადგენლობა, თუმცა, არ იყო თანხმობა და შემდეგ, კვლავ შევთავაზეთ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან იყოს თითო წარმომადგენელი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე, უკრაინაში უახლოეს დღეებში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მას და უკრაინის რადას სპიკერს შორის მეგობრული და თბილი საუბარი შედგა და რუსლან სტეფანჩუკმა ქართველი კოლეგა უკრაინაში კიდევ ერთხელ მიიწვია.

„ამ დღეების განმავლობაში, მქონდა კომუნიკაცია უკრაინის რადას თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან. მეგობრული და თბილი საუბარი გვქონდა, ბევრ საკითხში გავერკვიეთ. მან დაადასტურა საკუთარი მიწვევა, რომ ვეწვიო უკრაინას და იქ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს ვიზიტი, ალბათ, უახლოეს დღეებში შედგება. ახლა ვარკვევთ ორგანიზაციულ საკითხებს. ჩემი სურვილი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ყოფილიყო მრავალპარტიული – გვქონდა საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შეთავაზება გვქონდა, თანაბარი წარმომადგენლობა ყოფილიყო, თუმცა, არ იყო თანხმობა და შემდეგ, კვლავ შევთავაზეთ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან იყოს თითო წარმომადგენელი. მართალია, ამ შემთხვევაში, უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა, რომ თავის მხრივ, არ გაიზარდოს წარმომადგენლობა, თანაბრობის პრინციპი ამ შემთხვევაში დაირღვევა და ოპოზიციური უმრავლესობის დელეგაცია იქნება, თუმცა, გამომდინარე ამ ვითარებიდან, ეს შეთავაზება, ვფიქრობ, სწორი იყო და აქედან გამომდინარე, თხოვნა მექნება ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომ დროულად მოგვაწოდონ საკუთარი კანდიდატები ამ დელეგაციისთვის. მექნება კომუნიკაცია ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ვინაიდან ორგანიზაციულად გვესმის ყველას, რომ არ არის ადვილი ამ ვიზიტის ორგანიზება, არის საკმაოდ საჩქარო საკითხი. იმედი მაქვს, რომ დღის პირველ ნახევარში ჩვენ ეს საკითხი უნდა გავარკვიოთ და ველი ყველა პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0