კახეთში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

07/04/2022

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 – 2024 წლებში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა), ეტაპობრივად აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს დაარეგისტრირებს.
კახეთის რეგიონში, კერძოდ, ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების გარკვეულ არეალებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა და მათთვის მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცედურების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ოლეგ(ბაჩო) თორთლაძემ კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ, ირაკლი შიოშვილთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მიწის სისტემურ რეგისტრაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, სააგენტოს წარმომადგენლებმა სახელმწიფო რწმუნებულსა და მერებს დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ჩართულობას ისახავდა მიზნად. მიწის სისტემური რეგისტრაცია მიმდინარეობს ქვეყნის 1000-ზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულში რაც 4000-ზე მეტ სოფელს მოიცავს. რეფორმის შედეგად ქვეყნის დაახლოებით 1/3 დარეგისტრირდება. შეიქმნება უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები, ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0