საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აჭარაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ზურაბ აზარაშვილი აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს შეხვდა. მხარეებმა ეკომიგრანტთა განსახლების საკითხები, ასევე ჯანდაცვის კუთხით რეგიონში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებს, ერთობლივ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებს. ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც იმყოფებოდა. ზურაბ აზარაშვილმა კლინიკა დაათვალიერა და იქ დასაქმებულ მედპერსონალს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მიულოცა. მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ კლინიკა მრავალპროფილური უნდა გახდეს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს უფრო მეტი სერვისი შესთავაზოს.
“დღეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო დღე და ვეწვიეთ აჭარას. შეხვედრა გვქონდა ადგილობრივ ჯანდაცვის სამინისტროში. შევხვდით მინისტრს და განვიხილეთ რეგიონის გამოწვევები ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე თუ სად იყო ჩვენი მხარდაჭერის საჭიროება. ეხლა ვიმყოფებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც წელიწად ნახევარია რაც გაიხსნა და იყო კოვიდკლინიკა. დღეისათვის მნიშვნელოვნად არის შემცირებული როგორც ინფიცირების, ასევე ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. აქვე უნდა აღვნიშნო სასიხარულო ფაქტი, გუშინ იყო პირველი დღე, როცა კოვიდით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა. ამ კლინიკაში ახლა უკვე საჭიროა შესაბამისი აღჭურვილობა, რომ კლინიკა იყოს მრავალპროფილური, მოემსახუროს ადგილობრივ მაცხოვრებლებს და შესთავაზოს ყველა სამედიცინო სერვისი. შევთანხმდით, რომ უახლოეს კვირაში იქნება წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა თუ რა არის საჭირო, ასევე შემოსავლების ნაწილში, როგორ შეიძლება კლინიკის შემოსავლები იყოს სტაბილური”,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, აჭარის რეგიონში, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გვანცა გასვიანი იმყოფება.