ჩვენი მიზანია მივიღოთ ისეთი ცვლილებები, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას შეუწყობს ხელს

07/04/2022

„ჩვენ მიერ დაინიცირებული ცვლილებები მიმართულია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე იმისთვის, რომ შესაბამისმა უწყებებმა ეფექტიანად შეძლონ დამნაშავეების გამოვლენა და მათი პასუხისგებაში მიცემა“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე.

დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც განხილული იყო კომიტეტის მიერ დაინიცირებული „სისხლის სამართლის კოდექსში“ და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები.

„გადავწყვიტეთ კომიტეტის ფორმატში ოპოზიციისთვის და უმრავლესობის წევრებისთვის გაგვეცნო კანონპროექტები, გაგვეცვალა პოზიციები, რომ არ იყოს რაიმე ხარვეზი, რათა ყველა პოზიციის მოსმენისა და შეჯერების შემდგომ მივიღოთ ისეთი ცვლილებები, რომელიც იქნება მაქსიმალურად გამართული და ხელს შეუწყობს დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0