საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა

06/04/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრ პეტერ ჰულთქვისტს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა, რომ 2022 წელს საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი აღინიშნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობას. ასევე, განიხილეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს მიერ წარდგენილი ოფიციალური განაცხადი. პრემიერმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში მოკავშირეების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აფასებს შვედეთის სამეფოს მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესისა და ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერას. პეტერ ჰულთქვისტმა პრემიერ-მინისტრს დაუდასტურა შვედეთის სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისადმი, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში. ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ძალისხმევის როლს ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის. შეხვედრას შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი, თავდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი იოჰან ლაგერლოფი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0