გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ატმის, საადრეო კარტოფილის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდა. შეხვედრაზე, რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მოსავლის აღებისა და დაბინავების კუთხით მოსალოდნელ გამოწვევებზე იმსჯელეს. გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ ექსპორტიორებმა ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე აქტიურად უნდა იმუშაონ, სახელმწიფოს მხრიდან კი მხარდაჭერა ექნებათ.
„შეხვედრა გვქონდა საადრეო კარტოფილის და ატმის მწარმოებელ ფერმერებთან და ექსპორტიორებთან. მათი შემოსავალი დამოკიდებულია რეალიზაციის შესაძლებლობებზე – სად გაიტანენ, როგორ მოახდენენ ექსპორტს. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმ შესაძლო რისკებზე, რასაც, არსებულ მოვლენათა პირობებში შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ექსპორტიორებს მიეცათ განმარტება, რომ რაც შეიძლება მეტი იმუშაონ ბაზრების მოძიებაზე. წელს, როგორც ატმის, ისე საადრეო კარტოფილზე არის ძალიან მაღალი მოსავლის მოლოდინი; გასული წლის წარმატებულმა შედეგებმა ფერმერებს მისცა სტიმული, რომ მეტი ემუშავათ, ეზრუნათ და მეტი მოსავალი მიეღოთ; ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან გაკეთდეს ყველაფერი, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ პროდუქციის რეალიზება“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
როგორც შეხვედრაზე ფერმერებმა და ექსპორტიორებმა განაცხადეს, უკვე აქტიურად მუშაობენ პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიულ ბაზრების მოძიების მიმართულებით, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს მრავალწლიანი თანამშრომლობისა და აქტიური მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ მზად ვართ, ექსპორტი განვახორციელოთ იმ ბაზრებზე, რომლებზეც აქამდე ვმუშაობდით; თუმცა, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ევროპულ ქვეყნებთან, სადაც უკვე გვაქვს მცირე გამოცდილება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა; სამინისტროს წარმომადგენლები გვეხმარებიან რეალიზაციის უზრუნველყოფის პროცედურებში. იქნება ეს დოკუმენტაციის მომზადება, თუ კომუნიკაცია სხვა სამინისტროებთან. მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს ყველა შესაბამის სამსახურს ამ მხარდაჭერისთვის“,-განაცხადა ექსპორტიორმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მწარმოებლებთან, ექსპორტისა და იმპორტის განმახორციელებლებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ატმის, ვაშლატამასა და საადრეო კარტოფილის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, კომუნიკაცია მომავალშიც იგეგმება.