დეზინფორმაციის კამპანიის და ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ შემცირდეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ

22/03/2022

ბიუროს სხდომაზე მომავალი სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელეს. როგორც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შემოსულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი. ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, განიხილეს საორგანიზაციო საკითხებიც. კომიტეტების წინადადებების საფუძველზე, ბიურომ რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადების გაგრძელებას დაუჭირა მხარი, ასევე, დაამტკიცა ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებები.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, არსებულ ვითარებაში მთავარი ამოცანა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაა.

„თქვენ ახლახან დაბრუნდით უკრაინიდან და კარგია, რომ განსაკუთრებულად გაუსვით ხაზი, რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას, კარგია, რომ ამ ქვეყანაში დაგხვდათ მშვიდობა, მათ შორის, სწორედ ხელისუფლების მშვიდი და მტკიცე პოლიტიკის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ იყო არევის მცდელობები სხვადასხვა მხრიდან“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძეს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა საქართველოში ცხელი ომი არ არის, ქვეყანაში ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას და მოსახლეობაში დაბნეულობის გამოწვევას ისახავს მიზნად.

„დეზინფორმაციის კამპანიის და ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ შემცირდეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, მოსახლეობაში გამყარდეს დაბნეულობა. ბოლო პერიოდში ვნახეთ მთელი კამპანია, რომელშიც, სამწუხაროდ, პარლამენტის წევრებიც იყვნენ ჩართულები ოპოზიციის, ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მაგალითად, როდესაც საუბარი იყო, რომ რუსული სკოლების შესახებ პარლამენტმა რაღაც პროექტი განიხილა – პირდაპირ პარლამენტის წევრები ავრცელებდნენ ამ ტყუილს. გუშინ თუ გუშინწინ იყო, რომ თითქოს მოქალაქეობის შესახებ კანონში რაღაც ცვლილება შედის – ესეც ტყუილია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა კონსოლიდაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„როდესაც თქვენ საუბრობთ ერთობლივ ინიციატივებზე, სწორედ ეს არის პრობლემა, სამწუხაროდ. ჩვენი კოლეგების ნაწილი ჩართულია ჰიბრიდულ ომში იმ კუთხით, რომ დეზინფორმაციას პირდაპირ თავად ავრცელებენ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. ახლა, სამწუხაროდ, იმ ერთობის მომენტი არ არის და ვერ გამოდის, ამიტომ, კონსოლიდაცია უფრო სწორი ტერმინი იქნებოდა, სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა, იმისთვის, რომ მშვიდობა შენარჩუნდეს, ევროინტეგრაციის გზაზე მყარად ვიყოთ და მიზანს მივაღწიოთ,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილი ბიუროს სხდომაზე ნეიტრალიტეტის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„ნეიტრალიტეტის საკითხს რაც შეეხება, კარგად ვიცით, საიდან დაიწყო – 17 მარტს, სასამართლო სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილმა, პირველმა თქვა საკითხის შესახებ და ამის შემდეგ გაიშალა პოლიტიკოსების თუ გარკვეული ე.წ. სპიკერების მხრიდან სოციალურ მედიაში, თითქოს ეს არის თემა, არადა, საკითხი საერთოდ არ დგას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0