საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საპარლამენტო ასამბლეებში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიშები მოისმინა

11/03/2022

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ნატო-ს, ეუთო-ს, სუამი-ს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეებში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიშები მოისმინა. ​ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ, ყურადღება გაამახვილა საქართველო-ნატო-ს პარლამენტთაშორისი საბჭოს სხდომაზე, სადაც ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა ალიანსის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების წარმომადგენლებთან და ასევე, ასამბლეის პრეზიდენტთან სადაც, საუბრის მთავარ თემას საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები წარმოადგენდა. დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, საანგარიშო პერიოდში საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უყარა თხუთმეტ ანგარიშს და შვიდ რეზოლუციას, საიდანაც 4 ანგარიშში და 3 რეზოლუციაში საუბარი არის საქართველოზე და ხაზგასმულია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა, ასევე, ალიანსის ღია კარის პოლიტიკა და ალიანსის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გაძლიერება.

„ამ ანგარიშებში ქართულმა დელეგაციამ წარადგინა შენიშვნები და შესწორებები, რომელიც საქართველოს მხარდამჭერი ჩანაწერების გაძლიერებას ითვალისწინებდა რისი ასახვაც მოხდა ანგარიშებში და რეზოლუციებში“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მან ასევე ისაუბრა უკრაინის ქ. ოდესაში, გამართულ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული უკრაინა-ნატო-ს და საქართველო-ნატო-ს პარლამენტთაშორისი საბჭოების ერთობლივ სხდომაზე, რომელიც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო. ერთ-ერთი პანელზე სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ბერაიამ სქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო ქვეყნის, უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში სხდომაზე, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ წარადგინა. მისი თქმით, დელეგაციის საქმიანობა ძირითადად ონლაინ ფორმატში წარიმართა, თუმცა, ამის მიუხედავად, დელეგაციამ აქტიურად იმუშავა ეუთოს სამივე განზომილების მიმართულებით, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართულებებით. საქართველოს დელეგაციის წევრები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ პრობლემატიკას ყველა ღონისძიებაზე უსვამდნენ ხაზს.

„ამ დელეგაციის ხელმძღვანელობისას, ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოს საკითხები მუდმივად იდგას ეუთო-ს დღის წესრიგში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ყველა გამოსვლისას თუ მონაწილეობისას, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ვახსენებთ იმ მძიმე ვითარებას, რომელიც გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში და ასევე, მოვუწოდებთ მათ რომ ბევრად მეტი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობის შესამსუბუქებლად და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე, ისაუბრა მიმდინარე წელს ვენაში გამართულ ზამთრის სესიაზე, რომლის გახსნაც სამწუხაროდ, დაემთხვა 24 თებერვალს, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა აგრესია დაიწყო. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსეთის მიერ განხორციელებული ეს აგრესია და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა დაგმო ეუთო-ს მაღალი ტრიბუნიდან. დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხელაშვილმა წარადგინა. ​მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ორი სესია გაიმართა. შედგა ორი სადამკვირვებლო მისია მოლდოვას საპარლამენტო არჩევნებზე და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა ასევე, მიიღო ბალტიის ასამბლეისა და საბჭოს შეხვედრაში და ბალტიის ასამბლეის გაერთიანებული კომიტეტების შეხვედრებში.
2021 წელს სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა საქართველოს პარლამენტმა გადმოიბარა და რიგით მე-14 სესია სწორედ, საქართველოს პარლამენტის მასპინძლობით ონლაინ ფორმატში გაიმართა. გიორგი ხელაშვილის თქმით, საქართველოს დელეგაცია შეხვედრებისას საუბრობდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე, რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და მცოცავი ანექსიის არსებულ და პოტენციურ შედეგებზე საქართველოსთვის და რეგიონისთვის. საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა ისეთი საკითხების განხილვაში, რომელიც ეხებოდა ყარაბაღის ომის შედეგებს, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს რეგიონისთვის, ასევე, სუამი-ს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და განსაკუთრებით, თავისუფალი ვაჭრობის და სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალის გამოყენების საკითხებს. მომხსენებლის ინფორმაციით, დელეგაცია მჭიდროდ თანამშრომლობდა ბალტიის საპარლამენტო ასამბლეასთან. ​გიორგი ხელაშვილმა ვილნიუსში ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის სხდომას სიტყვით მიმართა, სადაც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით სერგეენკომ წარადგინა. ​მისი ინფორმაციით, 2021 წელს დელეგაციის საქმიანობა ძირითადად ონლაინ ფორმატში წარიმართა. გამონაკლისს წარმოადგენდა საქართველოში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის ვიზიტი და ბულგარეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომლის ფარგლებშიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის მიერ გაიგზავნა სადამკვირვებლო მისია, ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის მონაწილეობით. მომხსენებლის ინფორმაციით, წლის მანძილზე გენერალური ასამბლეის სხდომა, საკომიტეტო მოსმენები, ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომები გაიმართა. საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 57-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში, სადაც დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად, 2 წლის ვადით აირჩიეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0