პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვილი ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება. დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი ფოთის ტერმინალში იყრის თავს. ადგილზე პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ხელმძღვანელობს. უკრაინაში ამ ეტაპზე საქართველოს რეგიონების მასშტაბით შეგროვილი 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება. ჰუმანიტარული ტვირთი არამალფუჭებადი პროდუქტის, პირველადი მოხმარების საგნების, პირველი დახმარების სამედიცინო ნივთებისა და მედიკამენტებისგან შედგება. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მადლობას უხდის ჰუმანიტარულ აქციაში მონაწილე მოქალქეებს, საჯარო მოხელეებს და ბიზნესმენებს.
უკრაინაში ამ ეტაპზე საქართველოს რეგიონების მასშტაბით შეგროვილი 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება
10/03/2022