მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან გამართულ შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ქვეყნის სურსათით მომარაგების საკითხზე გააკეთა კომენტარი.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა იმპორტიორებთან, მუდმივ კავშირზე ვართ მათთან; ამ ეტაპზე არანაირი შეფერხება სურსათით მომარაგების კუთხით არ არსებობს. არის შეფერხება უკრაინასთან ვაჭრობის მიმართულებით; თუმცა, ეს საკითხი იმგვარად არის დარეგულირებული, რომ დღეს ქვეყანაში, არც ერთი კვების პროდუქტის, მათ შორის, პირველადი მოხმარების, მომარაგების პრობლემა არ არის. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით იმპორტიორებთან და საჭიროების შესაბამისად ვიმოქმედებთ”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში ხორბლის მარაგების თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს; ქვეყანაში ასევე შემოდის ფქვილი და ამ მიმართულებითაც შეფერხება არ არის.
„რაც შეხება ფქვილის და ხორბლის ფასებს, გვაქვს მოლაპარაკებები შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან. ვართ წინადადებების განხილვის პროცესში; საბოლოოდ, ერთობლივად შევთანხმდებით თუ რა ღონისძიებებს გავატარებთ ამ მიმართულებით. მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ოპტიმალური იქნება ქვეყნისთვის და სექტორისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.