“კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ, მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველაფერი გააკეთონ უკრაინაში საომარი მოქმედებების შესაჩერებლად”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალის შემკობის შემდეგ განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა და სამხედრო მოქმედებები აბსოლუტურად მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინას პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა აღმოუჩინოს.
„კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. გუშინ ჩემს განცხადებაში ვთქვი, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა და სამხედრო მოქმედებები რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ჩვენ, საქართველო და ჩვენი ხელისუფლება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს და მეგობარ ხალხს. რა თქმა უნდა, ის, რაც უკრაინაში ხდება დიდი ტრაგედიაა. ამ ომით, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ იქნა შეკავებული და თავიდან აცილებული, ყველაზე მეტად დაზარალდება უკრაინა როგორც სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უკრაინელი ხალხი და უკრაინელი ჯარისკაცები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ომს არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ეს ყველაფერი 2008 წელს ჩვენს თავზე გამოვცადეთ, როცა სამწუხაროდ, საუბედუროდ თავიდან ვერ იქნა აცილებული 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები, რამაც, რა თქმა უნდა, გახსოვთ ყველას, რომ ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ვინ დაზარალდა ამით?! რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. დაიხოცნენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, დავკარგეთ ტერიტორიები, რუსეთმა მოახდინა ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ოკუპაცია და შემდეგ აღიარება. დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ ომი ყველასთვის მიუღებელია. არც ერთ მხარეს არ ჰყავს გამარჯვებული იმიტომ, რომ ზიანი ორივე მხარეს მიადგება. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი მხრივ სოლიდარობა და მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები შეჩერდეს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის დავალებით, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ეუთოს მინისტერიალში, რომელიც ევროკავშირის ეგიდით იყო ორგანიზებული. გარდა ამისა, საქართველო მზად არის, ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან.
„რაც შეეხება ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ჩემი დავალებით, გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრი ჩართული იყო და ეუთოს მინისტერიალზე მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროკავშირის ეგიდით იყო ორგანიზებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, იქაც გამოვხატეთ სრული სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩემი დავალებით ასევე, უკრაინის ელჩს საქართველოში, გადავეცით გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ, ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ხაზს ვუსვამ. ასევე, ევროსაბჭოშიც ჩვენ ასევე სრული სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვხატეთ უკრაინის მიმართ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების მიმართ და აქ, რა თქმა უნდა, არავითარი კითხვა არ არსებობს”, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს საქართველოს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.
„მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო – ჩვენ დღეს არავითარი საშიშროება არ გვაქვს. საჭიროა სიმშვიდე შევინარჩუნოთ. არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება. ჩვენ ჩვენი ეროვნული პოლიტიკით, პრაგმატული, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით მოვახერხეთ ის, რომ ამ 9 წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია მშვიდობას და სტაბილურობას. ამასთანავე, პარალელურად, ჩვენ მივაღწიეთ ყოველგვარი დანაკარგების, ყოველგვარი დესტაბილიზაციის გარეშე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას, უვიზო რეჟიმს და თავისუფალ ვაჭრობას. პარალელურად, ჩვენ მოვახერხეთ, ის, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დავასტაბილურეთ, მათ შორის, რუსეთთანაც მოვახდინეთ სიტუაციის დეესკალაცია, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ როგორც საქართველო, ეროვნული და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში.
„საქართველოს და ჩვენი ხალხის წინაშე მინდა განვაცხადო შემდეგი – როგორც პრემიერ-მინისტრი, მე არაფერს გავაკეთებ, არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს და მინდა, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. შესაბამისად, მე, როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,”- აღნიშნა პრემიერმა.
ჟურნალისტების კითხვას, განიხილავს თუ არა კიევში ვიზიტს, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ საჰაერო სივრცე დაკეტილია და უკრაინაში მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც კი ვერ ჩადიან.
„უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრისმომცემია. სოლიდარობის გამოხატვა ჩვენს ქვეყანას შეუძლია და გამოვხატეთ ისე, როგორც გამოვხატეთ. კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დაკეტილია საჰაერო სივრცე. არათუ მე, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში. პასუხი შესაბამისია. ძალიან დიდი გულისტკივილით ვუყურებ იმ სცენებს, რაც უკრაინაში ხდება და როგორ იჩაგრება უკრაინელი ხალხი. ამ სიტუაციაში საჭიროა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, იმისთვის, რომ ეს ტრაგედია შევაჩეროთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა ის პოლიტიკა, ის უსარგებლო ხმაური, რასაც ოპონენტები აკეთებენ და ეს ყველაფერი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა, ჩემი მეთაურობით, ვატარებთ ეროვნულ პოლიტიკას. უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა პიარის თანხლებით და რაღაც შოუს დადგმა არ არის ჩემი ხელწერა. მე საქმეზე ვფიქრობ მხოლოდ და ჩემი ქვეყნის ინტერესებზე. ბუნებრივია, გუშინ მთელი დღის განმავლობაში უსაფრთხოების კაბინეტთან მქონდა იმ ინფორმაციების განხილვა ლაივ-რეჟიმში, რომელიც მოეწოდებოდა ჩვენს სამსახურებს და ეს არის ჩვეულებრივი, ჩემი ყოველდღიური მუშაობის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, ჩემი პასუხია შემდეგი – უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს, ამ ვითარებაში არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს. რაც შეეხება პარლამენტში რიგგარეშე სხდომას, მე, რა თქმა უნდა, არ მივალ, მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს. ომი უკრაინაში მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთებით და ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს. უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა ის პოლიტიკა, ის უსარგებლო ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ, არაფრისმომცემია. პირიქით, ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ამოცანაა პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების გამეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მათ ვერ აირიდეს. 2008 წლის ომში, მაშინ, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებიც აქ დგანან, თავგანწირვით ომობდნენ, მაშინდელმა ხელისუფლებამ, კარგად გახსოვთ, ყოფილმა მთავარსარდალმა მიწაზე გართხმულმა აჩვენა მთელ მსოფლიოს თავისი სამარცხვინო საქციელი და პარლამენტის წევრები გარბოდნენ საზღვარგარეთ”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა კონდოლიზა რაისის ინტერვიუზე CNN-თან, სადაც მან კიდევ ერთხელ გაიხსენა აგვისტოს მოვლენები.
„ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, ეს არის ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და მათი შეფასებები. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კონდოლიზა რაისის ინტერვიუ CNN-თან, სადაც მან კიდევ ერთხელ გაიხსენა აგვისტოს მოვლენები. კონდოლიზა რაისმა თქვა, რომ მათ იცოდნენ, რომ რუსეთი აპირებდა საქართველოში შეჭრას, ანუ ომის თაობაზე მათ ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ხელისუფლებას. როდესაც ამის შემდეგ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფალი ვერ გათვლის ელემენტარულს და ბრიყვულად და სულელურად, თუ ანტისახელმწიფოებრივად წამოეგება ამ პროვოკაციას, რა თქმა უნდა, ეს არის ღალატი. თავად ამერიკის ხელისუფლების ყოფილი ელჩი, საკუთრივ დეპარტამენტის მაღალჩინოსნები, დენ ფრიდი, ყოფილი ელჩი მაილსი, აცხადებდნენ, რომ აგვისტოს ომი არ იყო გარდაუვალი. ეს არის ჩემი შეფასება. დღეს საქართველოში ჩვენ ვახორციელებთ ეროვნულ, პრაგმატულ პოლიტიკას.
ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და გაუთვლელი პოლიტიკა საქართველოში დასრულდა. ვუპასუხებდი ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც უპასუხისმგებლოდ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას სანქციების დაწესებისკენ. მინდა, ჩვენს მოსახლეობას გავახსენო – ჩვენმა ხალხმა ძალიან ბევრი გასაჭირი გამოიარა ამ 30 წლის განმავლობაში. შეცდომები საკმარისზე მეტი დავუშვით. 1990 წელს, გარკვეულ პოლიტიკოსებს სჯეროდათ, რომ რკინიგზის გადაკეტვით რუსეთის ბლოკადას მოახდენდნენ. ასეთ სასაცილო მდგომარეობაში თავს ნუ ჩავიგდებთ და ამით ნუ დავაზიანებთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ეროვნულ ინტერესებს. მე ვუსურვებ ყველას მშვიდობას. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენს წინაშე არავითარი საფრთხე არ დგას. უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, კონცენტრირება მოვახდინოთ ქვეყნის შიგნით განვითარებაზე, წინსვლაზე, კეთილდღეობაზე და ასე ერთ მუშტად, მშვიდად, მტკიცედ გავაგრძელოთ ქვეყნის წინსვლა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.