საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივებს, საქართველოს მდებარეობას, ქვეყნის სტაბილურ და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, რომელიც ინვესტორებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს. საუბრისას განიხილეს როგორც რეგიონში, ისე გლობალურად კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოების მზარდი დინამიკა. მთავრობის მეთაურმა FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს შესთავაზა, განიხილოს საქართველოში რეგიონული ოფისის ან მომხმარებელთა სერვისის გაფართოების შესაძლებლობა, რომელიც ფართო რეგიონს მოემსახურება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ინვესტორების დაინტერესებას და მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას. ოფიციალური მონაცემებით, FTX Crypto Derivatives Exchange-ის (ქონება 40 მილიარდი აშშ დოლარი) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სამ ბანკმან-ფრიდი, კრიპტო სფეროში უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონება 22,5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. სამ ბანკმან-ფრიდი აცხადებს, რომ გადაწყვიტა, ქონების უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმაროს. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრო.
ირაკლი ღარიბაშვილი, კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
19/02/2022